2026 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე იზრდება, რასაც დეპუტატების ჯგუფის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს. ასევე, ადგილობრივ წარმოებაზე მცირდება აქციზის ადვალური კომპონენტი და ის სარეალიზაციო ფასის 15%-ით განისაზღვრება. ადვალური კომპონენტი მცირდება იმპორტირებულ სიგარეტზეც და 30%-ის ნაცვლად 20%-ით განისაზღვრება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების მატებას, როგორც წესი, რეალური შედეგები მართლაც აქვს და მოხმარება განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების ხარჯზე იკლებს. თუმცა, გიორგი ბახტურიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ სიახლეს თამბაქოს არა გაძვირება, არამედ, პირიქით, გაიაფებაც კი მოჰყვეს.
„დიახ, იზრდება აქციზური გადასახადი 85 თეთრით, მაგრამ პარალელურად ამცირებენ ადვალურ გადასახადს. თუ კოლოფის ღირებულება 10 ლარია, ამაში 3 ლარი ადვალური გადასახადია. დაკლების შედეგად ადვალური გადასახადი 2 ლარი იქნება. სინამდვილეში, აქციზში 85 თეთრის მატება კი ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, პირიქით, თამბაქო 1 ლარით იაფდება.
სინამდვილეში, ეს ცვლილებები მოიტანს იმას, რომ მეტ მოგებას მისცემს ადგილობრივ ბიზნესს. შესაბამისად, ძალიან საეჭვო კავშირები იკვეთება, რადგან ადვალური გადასახადი ადგილობრივ ბიზნესს კიდევ უფრო მეტად უმცირდება და შესაბამისად, მოგების მეტი მარჟა რჩება, რის შედეგადაც, შესაძლოა, პროდუქცია უფრო ნაკლებ ფასადაც კი გაყიდონ,“ - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.