თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გოთუა N7-ში, 2278 კვ.მ. მიწის ფართობზე, „მაკდონალდსის“ ახალი ფილიალის გახსნა განიხილება.

შპს „თ და კ რესტორნებ“-მა, რომლის 90% წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია, 10%-ის კი თენგიზ კაპანაძეა, არქიტექტურის სამსახურთან პროექტი უკვე შეათანხმა.

„პროექტი ითვალისწინებს რესტორნის (მაკდონალდსის დრაივის) მშენებლობას, შენობა 2 სართულიანია და გააჩნია ცალკე მდგომი სარდაფი (სახანძრო ავზი), ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა დამხმარე შენობა 1 სართულიანი ცალკე მდგომი. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგები.

შენობა რკინაბეტონის კარკასია და შემავსებლად გამოყენებულია სამშენებლო ბლოკი, რომელიც მოპირკეთდება კომპოზ. პანელებით. ღიობები მოეწყობა ალუმინის პროფილისაგან. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საყრდენი კედლები და ლითონის ღობე“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, პროექტის მიხედვით, „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის დასრულებას 24 თვე დასჭირდება.