ავტოიმპორტიორები ცვლილებების მოლოდინში არიან. „ბიზნესპარტნიორთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ ავტოპარკის განახლების კუთხით, შეზღუდვები შედეგს ვერ გამოიღებს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ავტოპარკი განახლდეს, საჭიროა არა ბაზრის ჩაკეტვა, არამედ - პირიქით, გახსნა და საქართველოში მეტი ტექნიკურად გამართული, ხელმისაწვდომი ავტომობილის შემოყვანა“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.
მისივე თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების იმპორტის აკრძალვა გამოსავალი არ არის. როგორც ნონიაძე აღნიშნავს, გამოსავალი იქნება, რომ მთავრობამ შეამციროს განბაჟების გადასახადი, ასევე გარკვეული პერიოდი შეიმუშაოს სოციალური პროგრამა და დაეხმაროს მოქალაქეს ახალი ავტომობილის შეძენაში, მათ შორის იაფ კრედიტზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
„თუ მოქალაქეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით დავეხმარებით, რათა მათ ახალი ავტომობილები შეიძინონ, მაგ შემთხვევაში უკეთესი ავტოპარკიც გვექნება და მეტი ჟანგბადიც ქალაქში“, - აღნიშნა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, მთავრობის ინიციატივით, 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასევე, რეგულაცია არ ეხება ელექტრომობილებს.