2025 წლის პირველი კვარტალი რითეილ სექტორისთვის რთული აღმოჩნდა. ბიზნესისთვის წლის დასაწყისი ზოგადად ყოველთვის უფრო რთულია, რადგან სადღესასწაულო დღეების პერიოდში გააქტიურებული შოპინგის შემდეგ, მომხმარებლები საყიდლებისგან თავს იკავებენ. Gtex-ის აღმასრულებელ დირექტორი ანა კაპანაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ გაყიდვების კლება მეტ-ნაკლებად სექტორის ყველა წარმომადგენელს შეეხო. მისივე თქმით, გაყიდვების შემცირება ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმაც განაპირობა.

,,მეტ-ნაკლებად ყველას ჰქონდა პრობლემა პირველ კვარტალში. პირველი კვარტალი ყოველთვის მძიმეა ამ ინდუსტრიაში. ახალი წლების შემდეგი პერიოდში დაბალია რეალიზაცია, მაგრამ ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი ძალიან მოქმედებს. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რუსთაველზე რაც აქციებია ,,გალერია თბილისი“ ფაქტობრივად დაკეტილი იყო. ფიზიკურად დაკეტილს არ ვგულისხმობ. ხალხი უფრთხის იქ შესვლას და შესაბამისად მოქმედებს რეალიზაციაზე. ,,გალერია’’ ერთ-ერთი დიდი მოლია თბილისში. ბევრი სხვა ფაქტორიც არის. ჩვენს ინდუსტრიაში საჭიროა განწყობაც და ადამიანების განწყობას აქვს მნიშვნელობა. თქვენ, რომ წახვიდეთ კაბის საყიდლად განწყობა უნდა გქონდეთ. საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემები თავისთავად აისახება ბიზნესზე.’’- აცხადებს ანა კაპანაძე.

 

Gtex-ის აღმასრულებელი დირექტორი მეორე კვარტალის შედეგებზე ჯერ არ საუბრობს. ანა კაპანაძე ამბობს, რომ რეალური სურათის შესაფასებლად საჭიროა კვარტალის ჩახურვა და მისი ობიექტური შეფასება. თუმცა ამბობს, რომ როგორც წესი სექტორისთვის მეორე კვარტალი პირველზე უკეთესია.

  

,,მეორე კვარტალი ჯერ არ გვაქვს შეჯამებული. პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალი ყოველთვის უკეთესია. ამ ინდუსტრიაში ასეა. ამ ბიზნესისთვის ეს დამახასიათებელია. ხალხი უკვე ემზადება საზაფხულოდ. ახალი ტანსაცმელი უნდათ, ცვლილებები უნდათ, ხასიათიც უკეთესი აქვს ადამიანს. ამინდებიც უკეთესია და ესეც მოქმედებს. წვიმაში ნაკლებად გადის ხალხი სავაჭროდ.’’- აცხადებს ანა კაპანაძე.