ახალი კონტრაქტით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. 20 000 კვ.მ-ით გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და იქნება 57 000 კვადრატული მეტრი”, - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემბიზნესის კვირეულთანინტერვიუში განაცხადა.

15 იანვარს, ADP-ის წევრ TAV Georgia-თბილისის აეროპორტის მართვის ვადა 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის ფარგლებში, აეროპორტის მმართველმა კომპანიამ თბილისის აეროპორტის გაფართოებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

თეა ზაქარაძემ ისაუბრა პროცესზე, რომელიც ხელშეკრულების გაგრძელებას უძღოდა და ასევე გამოყო ის ფაქტორები, რაც წინა ხელშეკრულებასთან მიმართებით შეიცვალა.

ჩვენთვის პრიორიტეტი ყოველთვის არის მგზავრი, ჩვენი თანამშრომელი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო. რამდენიმეწლიანი შრომის და მუშაობის, მოლაპარაკებების შედეგია ის, რაც დღეს დადგა. ჩვენი კონტრაქტი თბილისში, 2027 წლის იანვარში სრულდებოდა, ხოლო ბათუმში აგვისტოში. ამ ორივე აეროპორტს 2005 წლიდან ვმართავთ, ავაშენეთ აეროპორტები და 2007 წელს გავხსენით, დღემდე 240 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და 20 წელი გავიარეთ. დასაწყისში, როცა ვიწყებდით, ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, მერე [აგვისტოს] ომი, თითქმის განულებული ტრაფიკი თბილისში და ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დარტყმა იყო პანდემია. ამის შემდგომ ჩვენი მოლაპარაკებები კვლავ განვაახლეთ, იმიტომ რომ არასდროს არ დაგვიკარგავს იმედი, რომ მგზავრი გვეყოლებოდა. 2005 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 546 000 მგზავრით დაასრულა, 2025 წელს კი 5 მილიონ 400 000 მგზავრი გვყავდა. ეს ძალიან დიდი შრომის და რთული გამოვლილი პერიოდების შედეგია. შესაბამისად, ეს მოლაპარაკებები, რომელიც ბოლო რვა თვის განმავლობაში უკვე ინტენსიურად მიმდინარეობდა, 2026 წლის 15 იანვარს კონტრაქტის ხელმოწერით დასრულდა. პირველ რიგში, ეს ამბავი მე მინდა, მივულოცო ჩემს ყველა თანამშრომელს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვისაც ეფიქრებოდა, ვისთვისაც ეს იყო მნიშვნელოვანი, TAV Georgia- 1950 თანამშრომელია. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სცოდნოდათ რა იქნებოდა ხვალ. ძალიან ბევრი კითხვა მოდიოდა და პასუხი გაცემულია - ჩვენი ოპერირება გაგრძელდა საქართველოში - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2031 წლის ბოლომდე, 2032 წლამდე. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებას გააგრძელებს მანამ, სანამ ვაზიანის აეროპორტი არ გაიხსნება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით პროცესს, გვაინტერესებს და მზადყოფნაში ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბოლომდე საუკეთესო ფორმაში.

რაც შეეხება იმას, რა შეიცვალა, პირველი, ჩვენი თანამშრომლებისთვის შეიცვალა ვადა და ყველას შეუძლია იყოს მშვიდად, რომ 2031 წლის ბოლომდე რა კითხვებიც აწუხებდათ მოხსნილია. მგზავრებისთვის შეიცვლება ინფრასტრუქტურა, გარემო და რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ამ ინფრასტრუქტურის შეცვლით დაგვემატება ახალი სერვისები. ვფიქრობ, რომ ახალი ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ შემოსულან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სამართლიანია, რომ შეიცვლება შემოსავლის ნაწილი, რასაც აეროპორტების გაერთიანება TAV Georgia-სგან იღებდა. ეს თანხა თითქმის სამჯერ უფრო მეტი იქნება. პირველადი კონცესიის ერთჯერადი გადასახადი - 25 მილიონი დოლარი - როგორც კი კონტრაქტი ძალაში შევა, აეროპორტების გაერთიანებას ჩაერიცხება. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ კონცესიის წლიური გადასახადი ასევე იცვლება და იქნება უფრო მეტი ვიდრე ადრე. ამიტომ, ეს კონტრაქტი ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და მარკეტინგის ნაწილში ასევე ავიაკომპანიებისთვის - უფრო მეტი ფინანსური ვალდებულება დაგვეკისრა, რომ მოვიზიდოთ და წავახალისოთ ის ავიაკომპანიები, რომლებსაც საქართველოში ფრენის სურვილი აქვთ”,- ამბობს თეა ზაქარაძე.

კითხვაზე მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი შეიძლება აღარ განხორციელდეს, თეა ზაქარაძე აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აეროპორტი აშენდება. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის ინტერესი პროექტთან დაკავშირებით.

მე რაც ვიცი და რა პროცესებიც მიმდინარეობს ვაზიანის აეროპორტი აუცილებლად აშენდება. ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მოლაპარაკებები ჩვენთან ამაზე ჯერ არ მიმდინარეობს, თუმცა აუცილებლად გამოვხატავთ ინტერესს თუ ამის საშუალება გვექნება, რომ ჩვენ აქ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ოპერირება ვაზიანის აეროპორტში გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს სურვილი გვაქვს”, - ამბობს თეა ზაქარაძე.

bm.ge