Bewise Georgia-ს მმართველი პარტნიორის და რითეილ ექსპერტის შეფასებით, სავაჭრო ქსელებისთვის გადახდის ვადებზე რეგულაციების დაწესება პროდუქციის საბოლოო ფასზე დადებითად ვერ აისახება.

როგორც ია ნადირაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თუკი კანონმდებლობის დონეზე ეს მიმართულება დარეგულირდება და გადახდის ვადებზე ზედა ჭერი დაწესდება, ეს რითეილ სექტორში ლიკვიდობის დეფიციტს წარმოქმნის, რასაც პროდუქციის ფასზე დადებითი გავლენა ვერ ექნება.

მისივე თქმით, გადახდის ვადებთან დაკავშირებით ევროკავშირში გარკვეული რეგულაციები მართლაც მოქმედებს, თუმცა ეს მცირე ფერმერებს ეხებათ და არა მწარმოებლების და მიმწოდებლების ფართო ჯგუფს.

“გადახდის საკითხები, ეს არის უფრო სექტორში “ჰიგიენის” თემები და ერთი მხრივ, შეიძლება ამან ხელი შეუწყოს მომწოდებლის ლიკვიდურობის ზრდას, მაგრამ მეორე მხრივ, ამან შეიძლება გააუარესოს რითეილერის ლიკვიდურობა და საბოლოო ჯამში ეს ფასზე არ აისახება. ძალიან მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, პირობითად თუ გადახდის პერიოდი ჩაიკეტება, რითეილისთვის ფულის დეფიციტი გაჩნდება, მასაც სჭირდება ლიკვიდურობა, მაშინ ის გახდება იძულებული, რომ მიმართოს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებს, ეს იქნება საბანკო სესხი თუ სხვადასხვა ფინანსური წყაროები. საბოლოო ჯამში, ეს გააძვირებს პროდუქტს და მომხმარებელზე ეს პოზიტიურად არ აისახება, ან უკეთეს შემთხვევაში არც არანაირად არ შეცვლის პროდუქტის ფასს, ანუ არ იმოქმედებს პროდუქტის ფასწარმოქმნაზე. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ლიკვიდურობა სჭირდება როგორც რითეილერს, ასევე ლიკვიდურობა სჭირდება მწარმოებელს და საბოლოო ჯამში, საბაზრო ურთიერთობა ამ ყველაფერს არეგულირებს და თუ ურთიერთობა დგება, პროდუქტის სწრაფად ბრუნვადობა აისახება გადახდის დღეებში.

შეიძლება საერთაშორისო პრაქტიკებიც [მოვიყვანოთ], მაგალითად, ევრორეგულაციის ჭრილში, სადაც არის ერთ-ერთი კომპონენტი, 2019 წელს გამოცემული რეგულაციის ფარგლებში, სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკასთან მიმართებაში, იქ არის კონკრეტული ერთ-ერთი ასეთი აკრძალვა, რომ არ უნდა გადასცდეს 30 დღეს ანგარიშსწორება, თუმცა აქ ცალსახად განსაზღვრული არის ის, რომ ეს ეხება მცირე ფერმერულ მეურნეობებს და არა ზოგადად მწარმოებლების მსხვილ ჯგუფს. არამედ ეს მიმართულია კონკრეტულად ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების დაცვის ჭრილში”, - აღნიშნა ია ნადირაშვილმა.

რაც შეეხება ე,წ “ქეშბექის”, ანუ რეტრობონუსის გაუქმების საკითხს, ია ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ფასების შემცირების ინსტრუმენტი ეს მიმართულებაც ვერ იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, პროდუქციის გასაყიდი საშუალო ფასი გაიზრდება.

“შეხვედრებიდან გამოიკვეთა რამდენიმე საკითხზე აქცენტირება. ეს იყო ე.წ. "ქეშბექები", თუმცა რითეილის ჭრილში მათ რეტრო-ბონუსად და "რიბეითებად" უფრო მოვიხსენიებთ. საკითხი დადგა, რომ “რიბეითის" გაუქმება ან რაღაც რეგულაციაში მოქცევა ეს იმოქმედებს ფასების შემცირებაზე. ზოგადად ამ "რიბეითების" გაუქმება არანაირად გავლენას არ მოახდენს ფასების ნიშნულის შემცირებაზე. ანუ ფასები გადავა მაგალითად წმინდა შესასყიდ ფასზე და ამ შემთხვევაში, რითეილერი უბრალოდ ფასნამატს გაზრდის. ფასის ნიშნული არ შემცირდება, შესაძლოა, საშუალო ფასის რასაც ყიდულობთ დღეს ინტენსიური აქციების ფარგლებში, უფრო გაიზარდოს კიდეც. "რიბეითი" არის მწარმოებლისთვის მარკეტინგული ინსტრუმენტი, რითიც გარკვეულწილად ის ახდენს თავისი პოზიციონირების – თაროზე იქნება თუ მომხმარებლის კალათაში. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა - Nestle, Procter & Gamble, Unilever თუ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები გლობალურად იყენებენ ამ პრაქტიკას. თუ "რიბეითების" თემა მოექცევა ჩარჩოებში ან საერთოდ გაუქმდება, პირველ რიგში, მოქნილობა დაეკარგებათ მწარმოებლის მხარეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფასების ნიშნულზე რაიმე პოზიტიურ გავლენას ეს უბრალოდ ვერ მოახდენს”, - განაცხადა ია ნადირაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ფასების კომისიის ფარგლებში განხილვის საგანი იყო რითეილერებს და მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებების დარეგულირების, მათ შორის გადახდის ვადების შემცირების საკითხი. მწარმოებლების და დისტრიბუტორების ნაწილის მხრიდან კომისიაზე ასევე დაისვა , ქეშბექის, ანუ რეტრობონუსების მოცულობების გადახედვის საკითხიც.

წყარო: bm.ge