ქართული ოცნების პროკრატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გენერალურ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. სტუ-ის რექტორის დავით გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორია მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა "მიიტაცა".
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია აცხადებს, რომ სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და განმარტავს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და ის უნივერსიტეტს რამდენიმე მილიონად აქვს ნაყიდი.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო
"ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით"- ნათქვამია განცხადებაში.