ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ სკოლებისთვის 14 600 ერთეული ლეპტოპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 660 000 ლარს შეადგენს, რაც ერთ ლეპტოპზე საშუალოდ დაახლოებით 2 100 ლარს ნიშნავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა შპს „საგანმანათლებლო რესურსებისთვის“ ხორციელდება. აღნიშნული კომპანია პასუხისმგებელია სკოლების სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფაზე.

შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ განათლების სამინისტროს სისტემაში მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიზანია სასწავლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებული იქნება ლეპტოპების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.

წინადადებების მიღება 3 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.