მარეგულირებელი ორგანოს მიერ შემოთავაზებულ ნეტო აღრიცხვის ძველ მოდელს ვადა 2026 წლის ბოლოს ეწურება. ნეტო აღრიცხვის ჩამნაცვლებელი კი ნეტო დარიცხვის სისტემაა. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ნეტო აღრიცხვის ნაცვლად ნეტო დარიცხვის სისტემის დანერგვა ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ნაწილია და მასზე გადასვლა ვალდებულებით გათვალისწინებულზე ადრე მოხდება.
განახლებადი ენერგიების სექტორში ამბობენ, რომ ქსელის მომსახურების საფასურის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სუბსიდირების მექანიზმი ისედაც დროებითი იყო. Shine Energy-ის დამფუძნებელი ნინო გადელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ როგორც კი ახალი კანონმდებლობა ამოქმედდება, საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა, მათ შორის უკვე აშენებული სადგურებიც შეძლებენ.
„ნეტო აღრიცხვის პროგრამას, რომლის მიხედვითაც ჩვენ ქსელის მომსახურების საფასურს არ ვიხდით, 2026 წლის 31 დეკემბერს გასდის ვადა. ვინაიდან აქამდე არსებული 20%-იანი დატვირთულობა ცენტრალური სადგურების დადგმულ სიმძლავრეზე ძალიან მოკლე ვადაში შეივსო, ფაქტობრივად, ჩვენი, როგორც ბიზნესის თხოვნა იყო მარეგულირებელ კომისიასთან, ხომ არ სჯობს არ დაველოდოთ 2027 წლის პირველ იანვარს და პირდაპირ გადავსულიყავით ახალ სისტემაზე. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, „ენერგო-პროს“ არეალში ვერანაირ სერვისს ვერ ავაშენებდით. სერვისის მომსახურების საფასურის გადახდა, ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან გვესმის, რომ ეს ჯვარედინი სუბსიდირებაა და სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ უკან ძალიან ბევრი ბიზნესი დგას, გავლილი გვაქვს ეს საკითხი და მათთვისაც მისაღებია, თუ აქამდე სამ წელში ჰქონდათ უკუგების პერიოდი და ქსელის კომპონენტის დამატების შემდეგ 6 თვის გვიანაც რომ ჰქონდეს, არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ. ჩვენ ნეტლგლინ ტრანსფერს ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ, რადგან ეს ჩვენი პოზიცია იყო.
კარგი ამბავი ისაა, რომ უკვე აშენებულ სადგურებზე როგორც კი ნეტო დარიცხვაზე გადავალთ, ყველა სადგური ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით. ათვლის თარიღი იქნება ამ კანონმდებლობის მიღებიდან და კომისია ნამდვილად არ დაიწყებს იმის გარკვევას, რომელმა კომპანიამ რომელ წელს ააშენა მზის ენერგიის სადგური“,- აღნიშნა ნინო გადელიამ.