დასაქმების ბაზარზე პასიურობაა. კომპანიები უფრო ნაკლებ ვაკანსიას აცხადებენ. წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით მიმდინარე წელს 6%-იანი კლება დაფიქსირდა. დასაქმების საიტის HR.Ge-ის რეგიონალური მენეჯერი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 12 ათასი ვაკანსია განთავსდა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. 10%-იანი კლება შეინიშნება აპრილის თვეშიც.
,,2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 12 ათასი ვაკანსია განთავსდა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 6%-იანი კლებაა. აპრილში მარტთან შედარებით იყო მცირე გააქტიურება. დაახლოებით 1%-ზე ვსაუბრობ მხოლოდ. წინა წლის აპრილს რომ შევადაროთ, 2025 წლის აპრილში 4 167 ვაკანსია განთავსდა. 2024 წლის აპრილში 4 647 დაახლოებით. ორი წლის აპრილის თვე რომ შევადაროთ 10%-იანი კლება გვაქვს. მაისს რაც შეეხება, ეს თვე ახალი დაწყებულია. მოლოდინები გვაქვს. ჯერ ისე კარგად არ გაიზარდა, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ აქტიური თვე იქნება, რადგან მაისი ზოგადად წელიწადში ყველაზე აქტიური თვეა დასაქმების კუთხით. სექტემბერიც აქტიური თვეა. ამიტომ გვაქვს მოლოდინი.’’- აცხადებს HR.Ge-ის რეგიონალური მენეჯერი ინგა შახბაზიანი.
წელს დასაქმების ბაზარზე ტენდენციები შეიცვალა. გაყიდვების სექტორმა, რომელიც ვაკანსიების რაოდენობით ლიდერობდა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ყველაზე მეტ კადრს HORECA სექტორში ეძებენ. კლება შეინიშნება სამშენებლო მიმართულებით. HR.Ge-ის რეგიონალური მენეჯერი განმარტავს, რომ გაზაფხულზე სამშენებლო სექტორში ვაკანსიების რაოდენობა ყოველთვის იზრდება, რასაც თავისი ახსნა აქვს. ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად სექტორი მშენებლობის პროცესს ააქტიურებს, თუმცა წელს ამ მიმართულებით ვაკანსიების რაოდენობის კლება ფიქსირდება.
,,გაყიდვები იყო ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე, თუმცა რადგან ახლა დაიწყო სეზონი HORECA-სთვის ის არის პირველ ადგილზე და ვაკანსიების 19% მასზე მოდის. გაყიდვები არის 18 %, შემდეგ გვაქვს საბანკო სფერო და შეადგენს 10%-ს. სამედიცინო სფერო 8%. ადმინისტრაცია 6% და სამშენებლო 4%. სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, ზოგადად გაზაფხულზე სამშენებლო სფეროში ვაკანსიები ყოველთვის იმატებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად მშენებლობები იმატებს. შესაბამისად, მოლოდინი უფრო მეტი იყო, რომ ვაკანსიები უფრო მეტი გვექნებოდა. მაგალითად, თებერვალში იყო ჯამური 6%. პირიქით დაიკლო. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ სამშენებლო სფეროს ვაკანსიები წინა წლებთან შედარებით არის დაკლებული.’’- აცხადებს ინგა შახბაზიანი.
დასაქმების ბაზარზე ძირითადად საშუალო და დაბალ რგოლში ეძებენ კადრებს. HR.Ge-ის რეგიონალური მენეჯერი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მენეჯერულ პოზიციებზე ვაკანსიების რაოდენობამ იკლო.
,,კომპანიები თითქმის ყველა მიმართულებით აქტიურობენ. ვაკანსიების ძირითადი მოთხოვნა არის საშუალო და დაბალ პოზიციებზე. ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად თავსდება ვაკანსია მაღალ პოზიციაზე. ძირითადად ის პოზიციებია, რომლებიც არის დენადი და რომლის ჩანაცვლებაც უნდათ ან წავიდა კადრი და სასწრაფოდ ესაჭიროებათ თანამშრომელი. HORECA სექტორი რომ ავიღოთ, ძირითადად ვაკანსიები არის მიმტანის, ბარმენის, მზარეულის და ადმინისტრატორის პოზიციებზე. მაღალი პოზიციები ნაკლებად არის ამ სფეროში.’’- აცხადებს ინგა შახბაზიანი.
დასაქმების საიტის HR.Ge-ის რეგიონალური მენეჯერი ამბობს, რომ დასაქმების კუთხით ეს სეზონი შედარებით პასიურია. მაისში კომპანიების გააქტიურების მოლოდინი აქვთ, თუმცა საერთო ჯამში წლის პირველ კვარტალში ვაკანსიების 6%-იანი კლება ფიქსირდება.