ქართველი მეციტრუსეებისთვის სეზონი რთულად დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების უმეტესობამ მოსავალი უკვე დაკრიფა და სეზონმა ხელსაყრელი ამინდებით ჩაიარა, ნედლეულის რეალიზაცია პრაქტიკულად არ დაწყებულა.

აგროინვესტსერვისის დირექტორის, ვაჟა მკურნალიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 1კგ  მანდარინის ფასი 1–1.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

,,ფერმერების დიდმა ნაწილმა უკვე დაკრიფა მოსავალი, რასაც ამინდმა შეუწყო ხელი, მაგრამ მყიდველი არ არის, მანდარინის რეალიზაცია პრაქტიკულად არ დაწყებულა. ფასი დაახლოებით 1-1.1 ლარის ფარგლებშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომია, ორივე ქვეყანა ქართული მანდარინის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარია. გარდა ამისა, ყველაფერზე გაიზარდა ფასი და თავად შესასყიდი მანდარინის ფასიც შესაძლოა აფრთხობდეს ექსპორტიორს.

ჩვენ კონკურენტ ქვეყნებში წელს საკმაოდ ბევრი და კარგი ხარისხის მანდარინი აქვთ, ვგულისხმობ პირველ რიგში, თურქეთს, ასევე ესპანეთს და მაროკოს.

ძალიან ბევრი ადგილობრივი ექსპორტიორი რეექსპორტზე მუშაობს, ანუ თურქულ მანდარინს ყიდულობს და იმას აგზავნის სხვადასხვა ბაზარზე",- აღნიშნავს ვაჟა მკურნალიძე.

მკურნალაძის ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი წელს ფაროსანამ დააზიანა, რაც მის რეალიზაციას კიდევ უფრო ართულებს.

,,რაც შეეხება ხარისხს ზოგან ნორმალური ხარისხის ციტრუსია, მაგრამ ძირითადად მავნებლებიდან არის დაავადებული და გაშავებული მანდარინი. სოლიდური რაოდენობა დააზარალა ფაროსანამ. ფერი კარგი აქვს წელს მანდარინს, რადგან მზიანი ამინდები გვქონდა, თუმცა ნაყოფი ფაროსანასგან არის დაზიანებული.

ექსპორტიორები დეკემბრის პირველ ნახევარში უფრო აქტიურობენ, მაგრამ წელს ამინდების გამო უფრო ადრე გაიყიდა. რაღაც რაოდენობა, რა თქმა უნდა, გავა ექსპორტზე, მაგრამ დიდი შანსია, მანდარინის დიდი ნაწილი ექსპორტზე გატანის გარეშე დარჩეს",- აღნიშნა ვაჟა მკურნალიძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.