ხარისხის კონტროლის გეგმა, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება, უხარისხო ბიტუმი - ეს იმ გამოწვევების ჩამონათვალია, რომელიც კომპანია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორის შეფასების საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიების წინაშე დგას. საკითხზე CIT Georgia-ის დირექტორმა ტიტე ჯიშიაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ გზების მშენებელი კომპანიებისთვის 2026 წლიდან გაჩენილ ახალი ვალდებულების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გზის ზედა საფარის მოდიფიცირებული ასფალტით დაგების ვალდებულება, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით კარგი გადაწყვეტაა, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს რას ნიშნავს მოდიფიცირებული ასფალტის ცნება. ეს კომპანიების მხრიდან ამ ტექნოლოგიის ინტერპრეტირების რისკებს აღმოფხვრის.
თუმცა გზების მშენებლობაში ჩართული კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გზის ზედა საფარის ხარისხის გაუმჯობესება იმ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის, რაც კომპანიებს წლებია აწუხებთ.
„საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითა და ჩემი შეფასებით აუცილებელია მოწესრიგდეს ხარისხის კონტროლის გეგმა, რომელიც არ არსებობს. აკრედიტებული ლაბორატორიების გაცემული დასკვნით, რომელიც ძირითადად დასრულებულ სამუშაოებზე მოითხოვება, მშენებელი აბარებს სამუშაოებს და ეს სამუშაოები ჩაბარებულად ითვლება. აქ ძალიან ბევრი პრობლემებია - მოქმედებს ძველი საბჭოთა კავშირის ნორმატივები, რომელიც დღევანდელობაზე არ არის მორგებული - ეს დასახვეწია.
ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს უმნიშვნელოვანესი დაჯარიმების სისტემა... არის სტანდარტების პრობლემა - საუბრები იმაზე რომ ევროკოდები ითარგმნება გვესმის, თუმცა ეს ტექნიკური მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის კლიმატურ პირობებზე უნდა იყოს მორგებული. ამისთვის აუცილებელია კვალიფიცირებული, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობების შესაბამისად ტექნიკური სპეციფიკაციების შექმნა, რომელიც ხარისხის მიმართულებით არსებულ პრობლემას მარტივად დაარეგულირებს.
ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ბიტუმი, რომლის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება და მისი შემოწმება საბაჟოებზე შემთხვევითობის პრინციპით, მხოლოდ სამი პარამეტრით ხდება. ჩვენ 2 წელია ბიტუმის სრულად შემოწმების შესაძლებლობა გვაქვს და 90%-ზე მეტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამ პრობლემის გადაჭრა ერთ დღეში შეიძლება იმგვარად რომ საბაჟოს პროდუქტი შემოუშვას ზუსტი შესაბამისობის დადგენით დაევალოს.
რაც შეეხება მოდიფიკაციას და მის გაუმჯობესებას, ბევრ ქვეყანაში გამოიყენება ბიტუმის და ასფალტის მოდიფიცრება, თუმცა ეს კარგი პროდუქტის შემთხვევაში უნდა მოხდეს და არა ცუდი პროდუქტი შემოვიდეს და ის გავაუმჯობესოთ - ამით პრობლემა ვერ მოგვეხსნება“, - აცხადებს ტიტე ჯაშიაშვილი.