ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში სავაჭრო ცენტრების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. მულტიფუნქციური სივრცეები, რომელიც სხვადასხვა, სრულიად განსხვავებულ საჭიროებებზეა მორგებული მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2021 წელი ბიზნეს-ოპერატორებისთვის, არც ისე მარტივი წელი აღმოჩნდა, პანდემიურ პერიოდში სავაჭრო ცენტრებს მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად გაყიდვები, შეუმცირდათ, თუმცა 2020 წელთან შედარებით მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

„ფინსპოტმა“ მოლების ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს სამ მსხვილ მოლს შორის ყველაზე მაღალი, ₾32.4 მილიონიანი შემოსავალი „ისთ ფოინთმა“ გამოიმუშავა, მეორე ადგილზე ₾26.9 მილიონით „გალერეა თბილისია“, ხოლო მესამეზე „თბილისი მოლი“ ₾21.3 მილიონით.

2021 წელს „ისთ ფოინთის“ მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2020 წლის მაჩვენებელს 29%-ით აღემატებოდა და მხოლოდ 3%-ით ჩამოუვარდებოდა პანდემიამდელ 2019 წლის შემოსავალს. რაც შეეხება „გალერეა თბილისს“, მისი შემოსავალი 2020 წელს 36%-ით ნაკლები, ხოლო 2019 წელს 21%-ით მეტი იყო 2020 წელთან შედარებით. „თბილისი მოლის“ 21 მილიონიანი შემოსავალი 2020 წელთან შედარებით 25%-ით მეტი და 2019 წელთან შედარებით 20%-ით ნაკლები მაჩვენებელი იყო.

შპს CBD Development (East Point • ისთ ფოინთი) უმსხვილესი ღია კონცეფციის სავაჭრო ცენტრია საქართველოში. 2021 წელს მისი დაკავებულობის მაჩვენებელი (occupancy rate) 95% იყო. ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში, მოლს 22 ათასი ადამიანი სტუმრობს, შაბათ-კვირას კი 33 ათასი. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირი ოლეგ პავლოვია. 

შპს „გალერია თბილისი“ (გალერია თბილისი • Galleria Tbilisi) წარმოადგენს დახურული ტიპის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრს. ის ორ შვილობილთან ერთად ოპერირებს, სასტუმრო „რადიუსი“ და გასართობი ცენტრი „რია-რია“, ორივე ობიექტი განთავსებული გალერია თბილისის სავაჭრო მოლში. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია GCF GP (საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული იურიდიული პირი). 

შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ (თბილისი მოლი • Tbilisi Mall) მე-4 ყველაზე მსხვილი მოლია თბილისში.  წარმოადგენს დახურული ტიპის მოლს, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. თბილისი მოლი ყველაზე მაღალლევერიჯიანი კომპანიაა კონკურენტებს შორის, სესხების მთლიანი საბალანსო მოცულობა ₾304 მილიონს შეადგენს. დაკრედიტების წყაროს წარმოადგენს მისი საბოლოო მშობელი კომპანია Rakeen Development PJSC, UAE.