საცხენოსნო კლუბმა „შავი ცხენი“ საკუთარ სერვისს ფსიქოთერაპიული კურსი დაამატა. საცხენოსნო მკურნალობას მიმართავენ ძირითადად სამკურნალო და სარელაქსაციო დანიშნულებით და არაერთი დაავადების სამკურნალოდ უებარი დამხმარე საშუალებაა. სამკურნალო ცხენოსნობა გამოიყენება არა მარტო ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, არამედ როგორც ფსიქოლოგიური კორექციის, სოციალური ადაპტაციის და ოკუპაციური თერაპიის საშუალება.

„იპოთერაპია ძირითადად განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზეა მორგებული. ამ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული მიდგომა. ვიღებთ 5 წლის ასაკიდან ბავშვებს პრაქტიკულ საცხენოსნო კურსებზე, თუმცა, ასევე 2-დან 3 წლამდე ბავშვების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თეორიულ ნაწილში - მათ შევასწავლით ცხოველების სიყვარულს, მათთან მიდგომას“, - აცხადებს კლუბ „შავი ცხენის“ მენეჯერი ნინო ტურიაშვილი „ბიზნეს-პარტნიორთან“.

მკურნალობის კურსის ფასი 130 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს და პაციენტის საჭიროების შესაბამისად განისაზღვრება.

საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენი“ სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, ლილოს ბაზრობის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 5 წუთის სავალზე. კლუბში სხვადასხვა ჯიშის 33 ცხენს ფლობენ - დაწყებული ჰოლანდიური „ფრიზით“, დამთავრებული ქართული, თუშური ცხენით.