„2024 წელი 2023 წელთან შედარებით, ვაკანსიების 5%-იანი კლებით დავასრულეთ“,- ამის შესახებ HR.GE-ს რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც წესი, 10 იანვრის შემდეგ დასაქმების ბაზარი აქტიურდებოდა, თუმცა წელს ეს ტენდენციაც არ შეინიშნება. ვაკანსიების რაოდენობა არც სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაზრდილა.
„2024 წელი კარგად დაიწყო, პირველი კვარტალი აქტიური იყო, მეორე კვარტალი იმით გამოირჩეოდა, რომ სეზონური ვაკანსიები საიტზე ძალიან ბევრი იყო.
თუმცა, წელი რომ შევაჯამოთ, 2024 წელი 2023 წელთან შედარებით 5%-იანი კლებით დავასრულეთ, რაც განპირობებული იყო, წლის ბოლო კვარტალში ვაკანსიების კლებით, დეკემბერი განსაკუთრებით პასიური იყო, ასევე ნოემბერიც.
2025 წელს ისეთი დასაწყისი არ ჰქონია, როგორც ადრე. წინა წლების გამოცდილებით, 10 იანვრის, ანუ არდადეგების შემდეგ, ძალიან დატვირთული პერიოდი მოდიოდა, ყველა კომპანია ცდილობდა, რომ ახალი ვაკანსიები განეთავსებინა, თუმცა დღეს ტენდენცია შეცვლილია.
ვაკანსიები რაოდენობრივად არის, დაახლოებით 4000-მდე ვაკანსიაა ამჟამად განთავსებული, თუმცა დღიური განახლების რაოდენობა იკლებს.
რითეილ სფეროში, მაღაზიებს რაც სჭირდება: მოლარე, კონსულტანტი ან მენეჯერი, ამ მიმართულებით შემცირება არ გვქონია, რადგან დენადობა დიდია და მაღაზიებიც აქტიურად ათავსებენ ამ ვაკანსიას.
სარესტორნო სფეროს რაც შეეხება, სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. ზამთრის სეზონზე მოლოდინი გვქონდა, რომ მატებას დაიწყებდა ვაკანსიების რაოდენობა, თუმცა, ასე არ მოხდა.
წინა წლებთან შედარებით, „ჰორეკას“ სექტორში ვაკანსიების 30%-იანი კლებაა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, როცა კომპანიებში ახალი პოზიციის დამატებაზე ვსაუბრობთ, საშუალო და მაღალ პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადებისგან თავს იკავებენ.
რა მოლოდინებიც გვქონდა, იმასთან შედარებით მოთხოვნა 25%-ით ნაკლებია“,- აღნიშნა შახბაზიანმა.
HR.GE-ს რეგიონულმა მენეჯერი ასევე ამბობს, რომ რითეილ სექტორი განსაკუთრებით ცდილობს, ვაკანსიებზე ანაზღაურება მიუთითოს, მიზეზი კი სხვა სავაჭრო ქსელიდან კადრების მოზიდვაა.
„საშუალო და მაღალ პოზიციებზე ანაზღაურებას ისევ არ უთითებენ, ჯამურად 34%-შია მითითებული ანაზღაურება, ანაზღაურებას ძირითადად დაბალ პოზიციებზე უთითებენ, სადაც კონკურენცია დიდია. რითეილ სფეროს რომ შევეხოთ, ცდილობენ ანაზღაურება მიუთითონ, რადგან დენადობა დიდია და ერთი ქსელიდან მეორეში რომ გადავიდეს კადრი, ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა რითეილ ქსელმა გაზარდა ანაზღაურება.
ამ ეტაპზე, ვაკანსიების 70% თბილისშია გამოცხადებული.“,- აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.