საქართველოში მოყვანილი თხილის 99% ექსპორტზე გადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ წელს ექსპორტიდან შემოსავალი 10 მლნ. დოლარს გადააჭარბებს. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ევროპულ ბაზარზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მაღალია. მისივე თქმით, ყოველდღიურად ევროპულ ბაზარს დიდი ოდენობით თხილს აწვდიან.
,,ევროპაში წინა საშობაოდ ბაზარი აქტიურდება და ეს ბუნებრივია. მოთხოვნაც იზრდება. მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის შეძენა აქტიურად ხდება ოქტომბერ-ნოემბერში. უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალია ევროკავშირისგან თხილზე მოთხოვნა და პროდუქციის ძალიან დიდი რაოდენობით ექსპორტს ვახორციელებთ ყოველდღიურად. საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა. ჩემი გათვლებით, მოსავალი დაახლოებით 45 ათასი ტონა იქნება და ველოდებით, რომ სრულად გავიტანთ. ცალსახად გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი ექსპორტიდან შემოსავალი 10 მლნ. დოლარს გადაცდება.’’- აცხადებს მერაბ ჭითანავა.
ქართული თხილი ძირითადად გერმანიისა და ისრაელის ბაზრებზე გადის. პროდუქტი ასევე ჩინეთსა და დუბაიში იყიდება. თხილზე მოთხოვნა დაბალია ქართულ ბაზარზე, სწორედ ამიტომ მოსავლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის.
,,ქართულ ბაზარზე მოთხოვნა არ არის, ამიტომ გაგვაქვს სრულად. ქართულ ბაზარზე შოკოლადის მწარმოებლები ცოტა არიან. თხილის მოსავლის 99% ექსპორტზე გადის. დანარჩენი ადგილობრივ მოხმარებას მიაქვს. შოკოლადის მცირე მწარმოებლები ყიდულობენ. ქართულმა კომპანიებმა თხილის შეფუთვა და ქსელებში გატანა დაიწყეს, თუმცა ეს ძალიან მცირე რაოდენობაა და ექსპორტზე არ აისახება.’’- აცხადებს მერაბ ჭითანავა.
თხილის ფასს მისი ხარისხი განაპირობებს. დაბალი ხარისხი დაბალ ფასს ნიშნავს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ დაბალი ხარისხის გამო თხილის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. დაზიანებული პროდუქტი შედარებით დაბალ ფასში იყიდება.