TBC Capital-მა 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა.
ადგილობრივ ტენდენციებთან ერთად ღონისძიებაზე სტუმრებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა, პოლონეთის უმსხვილესი სასურსათო ქსელის - Żabka-ს - პოლონეთის ბიზნესის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მანიკოვსკიმ.
ანგარიშის თანახმად, წელს ამ ბაზარზე 9.8%-ის წლიური ზრდა არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჯამური ბრუნვა 24.2 მილიარდ ლარს მიაღწევს, 2026 წელს კი ამ სექტორში ბრუნვის ზრდის 5.9%-მდე შენელება არის პროგნოზირებული.
ბაზრის 59% არაკორპორატიზებულ (ე.წ. ტრადიციულ) სავაჭრო ობიექტებზე მოდის, 38% კი ქსელურ მარკეტებზე მოდის, რასაც TBC Capital-ი ბაზრის თანამედროვე სეგმენტს უწოდებს. თუმცა, თბილისში ქსელური მარკეტების წილი არის 54%, ხოლო რეგიონებში 28%. ამასთან, თიბისი კაპიტალის თანახმად, თუკი თბილისში ბაზრის ქსელური მოთამაშეების წილი უცვლელი დარჩა, რეგიონებში ის წლიურად 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
თუმცა, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ქვემო ქართლი (16%), კახეთი (18%) და გურია (20%), ბაზარზე ქსელური მარკეტების წილი კვლავ 25%-ზე ნაკლებია.
კომპანიებს შორის საბაზრო წილით პირველ ადგილს "დეილი ჯგუფი" იკავებს, რომლის ბრენდებიც მოიცავს "დეილის", "სპარს", "კალათას", "მაგნიტს", "გვირილას" და "იოლს". აღნიშნული ჯგუფი გასულ წელს შემდგარი გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ჯგუფის შემოსავალი ბაზრის თანამედროვე, ანუ ორგანიზებული სეგმენტის 33%-ს შეადგენს.
მეორე პოზიციას 20.5%-ით "ორი ნაბიჯი" იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე კი "ნიკორაა" 18.7%-ით.
