ევროკავშირი რუსი ინვესტორისა და LETA Capital-ის დამფუძნებლის, ალექსანდრე ჩაჩავას დასანქცირებას გეგმავს. EUobserver-ის ინფორმაციით, ბიზნესმენი ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პროექტშია შეყვანილი. მოსალოდნელი შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. ამავე სიაში სახელდებიან Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი, ბიზნესმენი რუსლან ბაისაროვი და სერგეი მატვიენკო.

სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ჩაჩავამ ორ მსხვილ ბიზნესაქტივზე კონტროლი დაკარგა. 11 ნოემბერს Ozon-მა განაცხადა, რომ ჩაჩავა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები აღარ აკონტროლებენ კომპანია O23-ს, რომელსაც მარკეტპლეისის აქციების 34.95% ეკუთვნის. Ozon-ის ცნობით, O23-ს ახალი მაკონტროლებელი აქციონერი ამ ეტაპზე არ ჰყავს. კომპანიის შეფასებით, საკუთრების სტრუქტურის ცვლილება მის ოპერაციულ საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩაჩავას კუთვნილ სათამაშო ბიზნეს My.Games-ს კომპანიის მენეჯმენტი გამოისყიდის. გარიგების დასრულების შემდეგ ბიზნესს გენერალური დირექტორი ელენა გრიგორიანი და ოპერაციული დირექტორი დენის სავუტა გააკონტროლებენ. გარიგების ფინანსური პირობები სრულად გამჟღავნებული არ არის.

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ შეფასებით, Ozon-ის 34.95%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 11 ნოემბრის მდგომარეობით 289.5 მილიარდ რუბლს შეადგენდა, My.Games-ის ღირებულება კი დაახლოებით 33.1 მილიარდ რუბლად არის შეფასებული. შესაბამისად, ჩაჩავასთან დაკავშირებული ამ ორი აქტივის ჯამური ღირებულება 322.6 მილიარდ რუბლს აღწევს. ამასთან, Ozon-ის წილის საბოლოო მფლობელის ვინაობა უცნობია, ხოლო My.Games-ის მენეჯმენტისთვის გადაცემის გარიგება ჯერ დასრულებული არ არის.