"მთავარ გამოწვევებად რჩება მიწოდების დრო და რეგიონული დაფარვა, კურიერების დეფიციტი და პროდუქტის ხარისხის მიმართ მომხმარებელთა ნდობის პრობლემა" - ამის შესახებ კვლევას  Galt & Taggart-ი აქვეყნებს.

E-commerce-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ  ელ-კომერციის ბაზარი საქართველოში ხასიათდება მზარდი მომხმარებლების ბაზით, მაღალი კონკურენციით, გაუმჯობესებული პლატფორმებით და განვითარებული ციფრული/ფინანსური ეკოსისტემით.

გარდა ამისა, ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2018-2024 წლებში გაათმაგდა და 3.5 მლრდ ლარს მიაღწია. ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა (+40.6% წ/წ).

„ჩვენი შეფასებით, 2025 წელს ბაზრის ზომა 4.7 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთან, ელ-კომერციის ბაზრის 60.9% ადგილობრივ გაყიდვებზე მოდიოდა 2024 წელს, ხოლო დარჩენილი 39.1% - უცხოეთიდან განხორციელებულ შეკვეთებზე. ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზარდა ონლაინ მყიდველთა რაოდენობაც - 2018-2025 წლებში 0.6 მლნ-დან 1.0 მლნ ადამიანამდე, ხოლო ონლაინ გაყიდვების განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობამ 2025 წელს 10 ათასს გადააჭარბა,“- ნათქვამია Galt & Taggart-ი E-commerce-ის კვლევაში.

ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან მომსახურების სექტორში Wolt, Glovo, Bolt, Yandex, biletebi.ge და tkt.ge. აქედან პირველი 4 საერთაშორისო კომპანიაა, რომელთა ქართულ ბაზარზე შემოსვლა ელ-კომერციის ბაზრის განვითარების მთავარი ფაქტორი იყო.

კვლევის მიხედვით, საქონლით ვაჭრობის სექტორში კონკურენცია ბევრად მაღალია - ქართულ ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან Veli.Store, Extra.ge და საცალო ვაჭრობაში ჩართული ბრენდული ქსელების უმეტესობა, ხოლო უცხოეთიდან გამოწერებში ტოპ კომპანიები არიან Temu, Amazon, Ebay, Aliexpress, Taobao, Trendyol, Zara, FarFetch.

ელ-კომერციის წილი საცალო ვაჭრობის სექტორების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ყველა სექტორში მზარდია.

2025 წლის 6 თვის მდგომარეობით, ელ-კომერციის წილი ჯამური საცალო ვაჭრობის ბრუნვაში 8.0%-ს შეადგენდა, საიდანაც ადგილობრივი კომპანიების წილი 2.2%, ხოლო უცხოეთიდან გამოწერების 5.8% იყო. ეს არის მნიშნელოვანი ზრდა 2021 წლის 3.6%-დან (0.8% ადგილობრივი). ქვე-სექტორების მიხედვით წილი განსხვავებულია და ყველაზე მაღალია ტანსაცმლისა და აქსესუარების სექტორში (15.6% ჯამურად) და ყველაზე დაბალი FMCG სექტორში (1.1%).