ბოლო წლებში ე.წ. „ქო ვორქინგ“ სივრცეები მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით მოთხოვნადი საერთო სამუშაო სივრცეები კოვიდ პანდემიის შემდეგ გახდა. 

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას Terminal-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯინო დოლინი განმარტავს, რომ უცხოელები, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ, ქვეყანა პოლიტიკური მოვლენების გამო დატოვეს, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვა. გარდა ამისა, საქართველო დატოვეს რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შემოსულმა მიგრანტებმაც, ეს კი ბევრი საერთო სამუშაო სივრცის დახურვის მიზეზი გახდა.

ჯინო დოლინის ინფორმაციით, 2023 წელს თბილისში 52 საერთო სამუშაო სივრცე მუშაობდა, დღეს კი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„2021 წელს Terminals-ს უკვე 7 ფილიალი ჰქონდა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში მიგრანტების შემოდინებამ მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. 2023 წელს თბილისში 52 „ქო ვორქინგ“ სივრცე მუშაობდა, რაც ასეთი პატარა ქალაქისთვის ძალიან ბევრია. საბოლოო ჯამში, ხელოვნურად შექმნილი ბუშტი ჩაიფუშა და ბევრი სივრცე დაიხურა. ახლა რა მოთხოვნაც არის, სივრცეები იმას აკმაყოფილებს.

სტანდარტული ქო ვორქინგი რასაც ჰქვია, მათგან დარჩენილია 5. თუმცა, პატარ-პატარა სივრცეები კვლავაც არის, მაგალითად, კაფეებში, სპორტულ დარბაზებში“, - აცხადებს ჯინო დოლინი.

მისივე ინფორმაციით, Terminal-ის წევრები არიან ფრილანსერებიც, სტარტაპერებიც, რომლებიც განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ და დიდი კორპორაციებიც: „მაიკროსოფტი“, „მასტერ ქარდი“, საერთაშორისო კომპანიები და სხვა.

„დატვირთულობა, შეიძლება ითქვას, მაღალი და სტაბილურია, თუმცა, ახალი მოთხოვნა აღარ არის ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო. სტარტაპ ეკოსისტემა ბევრად უფრო ძლიერი და აქტიური გვქონდა, მაგალითად, 1 წლის წინ, სანამ ყველაფერი აირეოდა. სამწუხაროდ, სტარტაპ ეკოსისტემა ბევრად დაპატარავებული და შენელებულია. ვინც იყო ძალიან დიდი სტარტაპი, კომპანია ქვეყნის გარეთ გაიტანა“, - ამბობს ჯინო დოლინი.