ხორცის ფასი იზრდება და მოსალოდნელია, რომ პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა, ხორცის მთელ მსოფლიოში გაძვირდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაზე ფასის ზრდას ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტიც უწყობს ხელს, რამაც ადგილობრივ ბაზარზე წარმოება შეამცირა.

„ხორცის ფასების მომატება პროგნოზირებული იყო, ამის ძირითადი მიზეზია მსოფლიოში მისი დეფიციტი. მაგალითად ევროკავშირში ხორცის ფასი ერთ წელიწადში 32%-ით არის გაზრდილი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა არის შემცირებული 2.8%-ით. რაც შეეხება საქართველოს გარშემო არსებულ ქვეყნებს, ყველაზე დაბალ ფასს რუსეთი ინარჩუნებს, თუმცა ფასები იქაც გაზრდილია, ამის ძირითადი მიზეზი არის უზბეკეთი, სადაც გაზრდილია მოხმარება და ისინი ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოახდინონ შევსება. ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანაში ფასი გაზრდილია, უბრალოდ ამას ემატება ის, რომ ჩვენთან სულადობა არის შემცირებული, მაგალითად შარშან თუ იყო 900 000-მდე, ახლა დაახლოებით 750 000 სული არის დღევანდელი მდგომარეობით, რაც არის იმით გამოწვეული რომ ხდება ექსპორტი, განსაკუთრებით გაზრდილია ახალგაზრდა საქონლის ექსპორტი. 

გარდა ამისა, იმ ბიზნესს, რომელიც ძირითადად შესყიდვით, გასუქებით და მერე ხორცის რეალიზაციითაა დაკავებული, ამ საქონლის მოპოვება და მისთვის ნედლეულის შეძენა გაუძვირდა. ამის გამოცაა, რომ დღეს საქართველოში ფასი ძალიან გაზრდილია“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

ბექა გონაშვილი აღნიშნავს, რომ მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივა საქართველოში არსებობს, თუმცა მთავარი პრობლემა შრომის სურვილის არქონა და ტექნოლოგიების არცოდნაა, რომელსაც ზამთრის საძოვრების სიმცირე ემატება. რაც შეეხება ფასების დაკორექტირებას, გონაშვილი ამბობს, რომ როდესაც მიწოდება მოთხოვნას დააბალანსებს, შესაბამისად ფასები დაკორექტირდება, თუმცა დღეს საქართველოში არსებული ფასი მსოფლიოში არსებულს შეესაბამება.

„ჩვენ ვერ ვიქნებით იმ რაოდენობის მოზარდი საქონლის მწარმოებელი ქვეყანა, რომ ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რადგან არ გვაქვს ზამთრის ბევრი საძოვარი, გვაქვს ზაფხულის საძოვრები, მაგრამ სასწაულს ვერ მოვახდენთ და მილიონობით პირუტყვს ვერ გავამრავლებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ და არ მივხედოთ ამ საკითხს“, - ამბობს გონაშვილი.