"ჩიზუკა" ახალი ფერმის მშენებლობას, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყებს. კომპანიის დამფუძნებელი, ვიკა იობიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ "ჩიზუკა" ძროხის რაოდენობის ზრდას გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან, ახალი ფერმა კომპანიას ასორტიმენტის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

"ამჟამად 50 სული ძროხა გვყავს და ახალი ფერმის აშენების შემდეგ რაოდენობას გავაორმაგებთ. ეს რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას ასორტიმენტი გავზარდოთ და უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს", - აცხადებს ვიკა იობიძე.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ახალი ფერმა, ყველა სტანდარტის დაცვით "ჩიზუკას" ქარხნისგან მოშორებით აშენდება.

ვიკა იობიძის ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება და მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "ჩიზუკას" გაყიდვები დაახლოებით, 30-40%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესმა ყველის წარმოება 1996 წელს წალკის რაიონის, სოფელ სანთაში დაიწყო.  ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. "ჩიზუკას" ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "ფრესკოში".

bp.ge