IDS ბორჯომი საქართველომ, როგორც დარგის ლიდერმა და ნოვატორმა კომპანიამ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბორჯომის ახალი ქარხანა აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით,
საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.
საწარმოში დამონტაჟდა 4 ახალი, ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხაზი და წყლის ჩამოსხმის ინფრასტრუქტურა. კომპანიის პორტფელი გაფართოვდა და დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.
აფნან აჰსანი, კომპანია „IDS ბორჯომი საერთაშორისოს“ გენერალური დირექტორი:
„ახალი ქარხანა არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ბორჯომის“ ბრენდის საერთაშორისო ბაზრებზე გასაძლიერებლად. ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავამყაროთ პოზიციები საქართველოში და ამავე დროს თამამად გავაფართოვოთ ოპერაციები სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი. გლობალურად ჩვენი მიზანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება და ზრდა, რათა გავხდეთ მნიშვნელოვანი, წარმატებული საერთაშორისო სასმელების კომპანია, „ბორჯომი“ კი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდად ვაქციოთ.“
ივანე მაჭავარიანი, „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი: „ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელსაც კომპანია ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულ ყველაზე დიდ ინვესტიციას და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე - ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ ღირსეულად გაგვეგრძელებინა „ბორჯომის“ 135-წლიანი ისტორია და მეორე მხრივ შეგვექმნა სივრცე მომავლის პროექტებისთვის. ამიერიდან გაერთიანებულ, ახალ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება როგორც პორტფელში არსებული მინერალური წყლების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება ერთგვარი ხიდი „ბორჯომის“ მემკვიდრეობასა და მომავალს შორის.“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე: “ბორჯომი“ არა მხოლოდ ისტორიულად პირველი, დარგის ლიდერი მინერალური წყლის კომპანიაა საქართველოში, ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში. ყვიბისში, 48000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხნის მშენებლობისთვის გაღებული 120-მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულა. ქარხანა აგებულია ენერგოეფექტური მასალებით, ხოლო წარმოების თითოეული ეტაპი უმაღლეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის ხიდი ჩვენს უნიკალურ მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლიან, მდგრად მომავალს შორის. ეს, ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ხელს უწყობს კომპანიის ამბიციური სტრატეგიული ხედვის განხორციელებას - დაიმკვიდროს თავი ახლა უკვე აშშ-ს, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია პროექტის სოციალური ეფექტი. 600-მდე დასაქმებული ადგილობრივი ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ამდენივე ოჯახისთვის და, ამავდროულად, კეთილდღეობისა და განვითარების ახალ პერსპექტივას მთელი რეგიონისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთი ეროვნული წარმოების განვითარებას, რომელიც ქმნის დოვლათს ქვეყნის შიგნით და საქართველოს უმკვიდრებს მაღალი ხარისხის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციას მსოფლიოს მასშტაბით. გისურვებთ წარმატებებს ქართული სახელის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების საქმეში.”
ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით მიმდინარეობდა. ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში დასაქმებულია 600 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოო პროცესი სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და აკმაყოფილებს ევროპულ და საერთაშორისო
სტანდარტებს. ქარხანა აგებულია ენერგოეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.