იურისტების ნაწილის შეფასებით, 1 მარტიდან შრომითი მიგრაციის კანონში შესული ცვლილებების ამოქმედებამ შესაძლოა, რიგ დარგებში, მათ შორის მომსახურების სფეროში არაერთი გამოწვევა შექმნას.
საქმე ისაა, რომ 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები მკაცრდება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე „შრომითი საქმიანობის უფლებაა“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.
როგორც იურიდიული ფირმა GLCC-ის იურისტმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ჯერჯერობით კანონქვემდებარე აქტების სახით არაა გამოცემული კონკრეტული წესი, თუ როგორ უნდა გაიცეს უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლება. შესაბამისად, ენრი აბულაძის თქმით, დიდი ალბათობით, დასაქმებულების ნაწილი 1 მარტამდე შესაბამისი უფლების მოპოვებას ვერ მოასწრებს.
"საკმაოდ ფართო სიახლესთან გვაქვს შეხება მიგრაციის კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც არაერთი ახალი ვალდებულება და წინაპირობა, მათ შორის შრომითი საქმიანობის უფლება შემოდის. მათ შორის ეს შეეხება როგორც თვითდასაქმებულებს, ასევე კომპანიის დირექტორებს. საინტერესო და საყურადღებოა, რომ თავად დამსაქმებელს მოუწევს იმ ნაბიჯის გადადგმა, იმ ხარჯის თუ სხვადასხვა ფუნქციების შეთავსება, რომ მათ მოუპოვონ თავიანთ თითოეულ [უცხოელ] დასაქმებულს შრომითი საქმიანობის უფლება. კანონი ამოქმედდება 1-ლი მარტიდან და კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე, უკვე 1-ლი მარტიდან, როდესაც ეს ყველაფერი ძალაში შევა, დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ, ან უნდა მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება, რათა შეძლონ შრომითი საქმიანობის განხორციელება. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, სრულფასოვნად არ არის გამოცემული იმ დოკუმენტების ნაკრები და თავად ამ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი და პროცედურა. შესაბამისად, არ არის თვალსაჩინოება დამსაქმებლისათვის და მზაობა, როდესაც კანონი ამოქმედდება, რეალურად რა ნაბიჯები უნდა იყოს მათ მიერ გადადგმული, რათა სახეზე არ ჰქონდეთ კანონმდებლობის დარღვევა“, - განაცხადა ენრი აბულაძემ.
იურისტის განმარტებითვე, იმ უცხოელებს, რომლებიც უკვე რეგისტრირებულები არიან მიგრაციის შესაბამის პორტალზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე აქვთ.
თუმცა მისი თქმით, ეს ვადა არ ვრცელდება თვითდასაქმებულ პირებზე, ასევე კომპანიების დირექტორებზე, რომლებიც არ არიან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულები. შესაბამისად, GLCC-ში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, ამ კატეგორიის პირებზეც გარკვეული საშეღავათო პერიოდი გავრცელდეს.
„კანონი ეხება როგორც თვითდასაქმებულებს, ასევე შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს. ვინც უკვე დასაქმებულები არიან 1-ლი მარტის მდგომარეობით და ვინც დამსაქმებლებს რეგისტრირებული ჰყავთ მიგრაციის პორტალზე, აქტიური სტატუსის მქონე დასაქმებულების შემთხვევაში, მათ დამსაქმებელს მათთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვადა გადაეწევათ 1-ელ იანვრამდე 2027 წლის. თუმცა, მიგრაციის პორტალზე რეგისტრაცია და ამ პორტალზე წვდომა არ აქვთ თვითდასაქმებულ პირებს. ასევე, კომპანიის დირექტორები, რომლებიც შრომითი ურთიერთობით არ არიან დასაქმებულები მეწარმეთა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ვერ რეგისტრირდებიან შესაბამის პორტალზე.
გარკვეულწილად ამ ცვლილებიდან გამომდინარე ჩიხურ მდგომარეობაში ნამდვილად მივდივართ, იმიტომ რომ დირექტორები, რომლებიც უკვე მოქმედები არიან, ვალდებული არიან 1-ლი მარტიდან ჰქონდეთ [შრომითი] საქმიანობის უფლება, ისე რომ დღესდღეობითაც არ ვიცით პროცედურა, რომელიც დაარეგულირებდა საქმიანობის უფლების მოპოვების წესს. ალბათ 1-ლი მარტის მდგომარეობით შეიქმნება სიტუაცია, რომ უცებ ყველა პირს, რომელიც ახლა ახორციელებდა საქმიანობას, ერთდროულად აეკრძალება. აღნიშნულმა გამოწვევები შეიძლება მოახდინოს იმ მიმართულებითაც, რომ ძალიან მრავალჯერადი და ფართო მიმართვიანობა მოხდეს 1-ელ მარტს და რამდენად მოხდება ოპტიმალურად ამდენი განცხადების ერთდროულად დაკმაყოფილება, ესეც საინტერესო საკითხია. შესაბამისად, საინტერესო იქნებოდა აქ ალბათ რაღაც საშეღავათო პერიოდი, რომ ამ პირებმა შეძლონ შესაბამისობაში ყოფნა კანონთან.
იმ პირებს, რომლებიც მომსახურებით თვითდასაქმებულები არიან და მათ შორის ინდმეწარმეებად არიან რეგისტრირებული, შრომითი ურთიერთობისგან განსხვავებით, მათ მოუწევთ, რომ თავად მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება. ფაქტობრივად გამოდის, რომ თუ რაიმე დამატებითი ნაბიჯი არ გადაიდგმება, უნდა გაიყინოს ამ პირებთან ურთიერთობა და ამ ეტაპიდანვე 1-ლი მარტიდან შეწყდეს, ვიდრე ეს პირები, არ მოიპოვებენ შესაბამისი საქმიანობის უფლებას. შესაბამისად, ერთდროულად შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგეს სექტორს, რომელიც არა შრომით ურთიერთობებში, არამედ მომსახურების ურთიერთობაში იმყოფება თვითდასაქმებულებთან“, - განაცხადა ენრი აბულაძემ.