ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვაზე დიდი ხანია მიდის მსჯელობა. ეს პროდუქტი თავისი შინაარსით უფრო მეტად სოციალური პროდუქტია, ვიდრე კომერციული, - ამის შესახებ არდის გენერალური დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმისთვის სექტორის მზაობა საკმარისზე მეტია, რაც შეეხება მომხმარებლებს - როდესაც სიახლე შემოდის ამას ყოველთვის მოჰყვება კითხვები, რაც ბუნებრივია. 

"როდესაც მოქალაქეს ჰყავს ავტომობილი, მას ავტომატურად აქვს რისკი, რომ შესაძლებელია დააზიანოს სხვისი ქონება, ჯანმრთელობა და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილი მაღალი რისკის ჯგუფის ქონებაა ავტომატურად ჩნდება იმის საჭიროება, რომ გარკვეული ტიპის სოციალური სირბილე შემოტანილი იყოს. დღეს როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება ინდივიდუალურად განიხილავენ კონკრეტული თანხა საჭიროა თუ არა და ა.შ. რაც კონფლიქტს იწვევს. ეს თავისთავად ამ კანონით მარტივდება, რადგან ყველა მძღოლმა იცის, რომ მას სადაზღვევო კომპანია ჰყავს და ისინი არკვევენ ზარალს და ანაზღაურების დეტალებს. 

აქ არ არის საუბარი ავტომობილის დაზღვევაზე. ავტომობილი არის კონკრეტული ადამიანის ქონება და თუ უნდა დააზღვევს და თუ არ უნდა არ დააზღვევს. აქ საუბარია სხვის მიმართ პასუხისმგებლობაზე, რომ ქონებრივი ზარალი იყოს ანაზღაურებული.

იქიდან გამომდინარე, რომ კანონი განხილვის ეტაპზეა ფასებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა საორიენტაციოდ შემიძლია გითხრათ, რომ სულ ვამბობთ, რომ დაზღვევა დაახლოებით ღირს ერთი სავსე ავზი წელიწადში და ბევრად ხელმისაწვდომია ეს პროდუქტი ყველა სხვა დანახარჯთან მიმართებით, რაც ავტომფლობელს ისედაც უკვე აქვს. დაზღვევის სარგებელი ბევრად მეტია, რადგან კონკრეტულ თანხებში ტრანსფორმირდება", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

bp.ge