2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5%-ით გაიზარდა და 56.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 20.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.6%ით მეტია.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 13.5% - საშუალოზე, ხოლო 15.9% - მცირე ბიზნესზე.

თუმცა, საქსტატი აღნიშნავს, რომ განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე - 23.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.3%.

მონაცემების თანახმად, 2025 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%ით მეტი) შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.9% ქალი იყო, ხოლო 56.% - კაცი.

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.9 % მოდის აზარტული თამაშები, ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.7 %-ანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.1%-ით, მშენებლობა - 5.0%-ანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.7%-ით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.4%-ით, ხოლო 10.2 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.