რეგიონს სათამაშო ბიზნესში შესაძლოა მალე ახალი მოთამაშე შეემატოს. აზერბაიჯანში ბოლო პერიოდში ,,gambling’’-ის ლეგალიზების საკითხი აქტიურად განიხილება. ამ თემაზე დებატები აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა და მომღერალმა ემინ აგალაროვმა გაააქტიურა. ის საკურორტო კომპლექსს ,,Sea Breeze’’ ფლობს, რომელიც ბაქოდან 30 წუთის სავალ გზაზე, ტრადიციულ და კონსერვატიულ სოფელ ნარდარანში მდებარეობს.

ემინ აგალაროვს სურს, რომ მის კურორტზე მისულმა სტუმრებმა კაზინოს მომსახურებითაც ისარგებლონ. აზერბაიჯანელი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მის ინიციატივაზე ამჟამად მთავრობა მსჯელობს. ემინ აგალაროვი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდება. მას აქვს არგუმენტებიც. ამბობს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე უზარმაზარ დადებით გავლენას მოახდენს და საკურორტო ზონებში დამსვენებლების რაოდენობის მატებას შეუწყობს ხელს. მაგალითებს შორის მას ბათუმიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ქალაქი ბოლო 15 წელიწადში ძალიან განვითარდა და განაშენიანდა, რაც სწორედ კაზინოების არსებობის დამსახურებაა.

რა მოხდება თუ აზერბაიჯანის მთავრობამ ბიზნესმენის ინიციატივა დააკმაყოფილა და ქვეყანაში აზარტული თამაშები ლეგალური გახადა. გაზრდის თუ არა ეს რეგიონში კონკურენციას? ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა რა გამოწვევების წინაშე დააყენებს საქართველოს? ჩვენ ამ კითხვებით საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელს მივმართეთ. გიორგი მამულაიშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს კონკურენციას ვერ გაუწევს.

,,მე აზერბაიჯანს არ ვთვლი საქართველოს კონკურენტად. დიდი ხანია უკვე მიდის საუბარი ლეგალიზაციაზე. ლეგალიზაციისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ კანონის მიღება. ლეგალიზაციას ბევრი ეტაპი აქვს გასავლელი. საქართველო 2005 წლიდან მიდის ამ გზაზე და საკმაოდ რთული ეტაპები გაიარა. რთული იქნება აზერბაიჯანისთვის 1 და 2 წელიწადში ახლის მოგონება, რომ კონკურენტი გახდეს საქართველოსი. სომხეთში დიდი ხანია ლეგალურია სათამაშო ბიზნესი, მაგრამ ის ჩვენი კონკურენტი ნამდვილად არ არის. განვითარების კუთხით საქართველო ბევრად წინ არის ორივე ქვეყანაზე და არა მარტო. რეგიონში ლიდერის პოზიცია უჭირავს და ეს შენარჩუნებულიც იქნება. ამის გარდა, აზერბაიჯანში პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია საქართველოსთან შედარებით. აზერბაიჯანში კორუფცია საკმაოდ განვითარებულია, შესაბამისად რთულია ინვესტორების მოზიდვა ბიზნესის განვითარებისთვის.’’- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელს ვკითხეთ, რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოს უპირატესობას. გიორგი მამულაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ინვესტორების ინტერესი, ოპერატორების განვითარების მაღალი დონე და საგადასახადო სისტემების სიმარტივე ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში მძლავრი მოთამაშეა.

,,ინვესტორი ბევრად უფრო დაინტერესებულია საქართველოს ბაზრით, ვიდრე აზერბაიჯანის ბაზრით. რადგან ბევრად უფრო ხელშემწყობი პირობებია ინვესტორისთვის. საქართველოში საკმაოდ ძლიერი ოპერატორები არიან. მენეჯმენტი აქვთ საკმაოდ კარგი და განვითარებული. ყოველთვის ცდილობენ განავითარონ და ახალი ტექნოლოგიები შეიტანონ. ამას ემატება, ის რომ საქართველოში სამი უმსხვილესი უცხოელი ოპერატორია. ის კომპანიები, რომლებსაც ქართველი მეწილეები ჰყავთ საკმაოდ განვითარებულია. შესაბამისად ეს უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას. გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს საქართველოს. საგადასახადო სისტემები საქართველოში ბევრად უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამ ყველაფერს კომპლექსურად რომ შევხედოთ საქართველო უკეთეს პირობებშია.’’- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.