„ქვეყანაში ფასების ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი არაკონკურენტული გარემოა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

მანვე გადაცემაში ის პროდუქტებიც დაასახელა, რომლის ფასწარმოქმნაზეც გავლენას ბაზარზე არსებული მონოპოლია ახდენს.

„კარაქის მომწოდებელი საქართველოში იცით რამდენია? - 2 ან 3 და მორჩა. ადგილობრივი კარაქის მწარმოებელი ხომ პრაქტიკულად არ გვყავს. კონკურენცია არ არის, არის მონოპოლიები ჩათვალეთ და მონოპოლისტს შეუძლია კარაქს ფასი 50 ლარიც დაადოს. რატომ არ აკეთებენ დაანონსებას, რატომ არის ასეთი კატასტროფული ფასი, 50-60 ლარი ღირს კილო, ხომ?! მერე ხდება ისე, რომ ჩვეულებრივი მომხმარებელი, რომელმაც დილას უნდა წაისვას კარაქი, ყიდულობს სპრედს, კარგ ვარიანტში, შეზავებულს და ჰგონია, რომ კარაქს ჭამს, მაგრამ ეს კარაქი არ არის.

გვახსოვს რამდენიმე წლის წინ შოკოლადის ფასი ავარდა მსოფლიოში, რადგან წარმოების დეფიციტია. მეორე წელს ძალიან კარგადაც მოვიდა, რატომ არ დაიწია ფასმა საქართველოში?! იმიტომ, რომ შემომატანი არის სულ 2-3, ამაშია საქმე. იგივეს ვიტყვი ბენზინის ფასზე. მე არ მახსოვს, როდის გაიაფდა.

არაკონკურენტული გარემო არის ფასების ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი. კონკურენტული გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. მომწოდებლებში, საიდანაც იწყება ეს ყველაფერი, კვლევა რომ ჩაატარო, რამდენი მომწოდებელი ჰყავს ვთქვათ ფქვილს, იქაც თითებზე ჩამოსათვლელია. მე არ ვიცი, ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ძალიან ადვილია 2-3 ადამიანში კარტელური შეთანხმება, მოდი გავზარდოთ ფასი. ჩვენ ყველას გვახსოვს მსგავსი ქეისები“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

www.bpn.ge