"არ შეიძლება და არაფერში არ ჯდება ადამიანების მიმართ ასეთი ანგარიშსწორება!!!!" - ასე გამოეხმაურა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას "არქის" გენ.დირექტორი შიო ხეცურიანი.
შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.