ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე საყოველთაო გაფიცვას ტელეკომპანია ,,ფორმულას'' ეთერში გამოეხმაურა. გადაცემაში ,,ბიზნესი დღეს“ მან აღნიშნა, რომ გაფიცვას ორი მთავარი მიზანი აქვს. ერთი, დაკავებულების გათავისუფლებაა. მეორე კი, საზოგადოების ინფორმირება და ხელისუფლების გაფრთხილებაა, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანა დიდხანს ვერ დარჩენა და ეს ეკონომიკას ძალიან დააზარალებს.
,,ეს გაფიცვა პირველ რიგში არის მხარდაჭერა იმ 50-ზე მეტი უსაფუძვლოდ დაჭერილი ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც დღემდე ტყვეობაში იმყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს ახალგაზრდები გარეთ ვიხილოთ. მეორე, გაფიცვის ერთ-ერთი მიზანია, რომ საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ სიტუაციაში ქვეყანა დიდხანს ვერ შეძლებს ყოფნას და ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ჩავარდება. ბიზნესის ერთად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოება შუაზეა გახლეჩილი დღეს. მცდელობა არის, რომ ბიზნესიც გაყონ 2 მხარედ, რაც ძალიან ცუდი იქნება. იმედია, რომ ბიზნესი ამას არ გააკეთებს, იმიტომ, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი ღირებულება რაც გაგვაჩნია, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო უნდა ავაშენოთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოუერთდეს ამ პროტესტს. იმიტომ, რომ პროტესტი არის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც შეიძლება დღევანდელი ხელმძღვანელობა (ასე დავარქვათ) ვაიძულოთ, რომ გაიგოს საზოგადოების ხმა და გადავარჩინოთ ეს ქვეყანა უფსკრულს.’’- განაცხადა ,,ფორმულას'' ეთერში კახა ხაზარაძემ.
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სამ საათიანი გაფიცვა ბიზნესს ფინანსურად აზარალებს, თუმცა ზარალი შეიძლება უფრო დიდი იყოს, თუ არსებული ვითარება დიდხანს გაგრძელდება. კახა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ საჭიროა ბიზნესის ერთიანობის შენარჩუნება და პოზიციების შეჯერება. მისივე თქმით, დღევანდელმა პროტესტმა შედეგი თუ არ გამოიღო, მაშინ ბიზნესი უფრო მასშტაბურ პროტესტზე იფიქრებს.
,,როცა სამი საათის განმავლობაში კომპანიები სერვისს აჩერებენ ფინანსურად წაგებიანი მათთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ თუ დღეს არ გავაპროტესტეთ და დღეს არ გავაგონეთ ეს ხმა, ერთმანეთს გვერდში არ დავუდექით, რადგან ეს სამი საათი შეიძლება დღეებში და თვეებში გადაიზარდოს. ამიტომაც, ეს სამი საათი არის მინიმალური რაც დღეს შეიძლება გავაკეთოთ. თუ ამანაც შედეგი არ გამოიღო, ალბათ მოგვიწევს უფრო გრძელ მასშტაბიან პროტესტზე ფიქრი. ფორმა შემდგომი პროტესტის იქნება განსხვავებული. ამ ფორმებზე ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვსაუბრობთ ბიზნესი ერთად. არ არის ასეთი მარტივი ყველას პოზიციის შეჯერება, მაგრამ პროცესი წინ მიდის. დღესაც დაინახეთ, რომ ერთობა არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს არის პოზიცია, პირველ რიგში მოქალაქის. არ აქვს მნიშვნელობა საჯარო მოხელე ხარ, თუ ბიზნესი. ამიტომ ბიზნესი უნდა გამოხატავდეს საზოგადოების განწყობებს.''- განაცხადა კახა ხაზარაძემ.