საქართველოში საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი 2025 წელს გაგრძელდება. ქვეყანას მესამე ენერგეტიკული პაკეტის პირველადი კანონმდებლობა უკვე ჰარმონიზებული აქვს. მუშაობა მეოთხე პაკეტზე გაგრძელდება. ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით მნიშვნელოვან მოთხოვნას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წარმოადგენს, რომლის სრულად ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება წარმოადგენდა, რომლის თაობაზეც სემეკმა შესაბამისი წესები ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა. წესების მიხედვით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება.
რა ეტაპზეა ქვეყანა ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში? საკითხზე ,,კომერსანტის’’ 2024 წლის შემაჯამებელ ეთერში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ისაუბრა. ნუგზარ ბერიძის განცხადებით, მესამე პაკეტით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია და ახლა მუშაობა მეოთხე პაკეტზე გრძელდება.
,,მესამე ენერგეტიკული პაკეტის პირველადი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ჩვენს კანონმდებლობასთან. სემეკმა 20-ზე მეტი დოკუმენტი, მეორადი რეგულაცია გააკეთა, რომელიც საშუალებას იძლევა სრულად იქნეს ჰარმონიზებული ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან. შეიძლება ითქვას, რომ საცალო ბაზარი საყოფაცხოვრებო მოხმარებასთან მიმართებაში, ასევე წვრილ ბიზნესთან და საცალო მომხმარებელთან მიმართებაში ბაზარი სრულად ჰარმონიზებულია, არის ლიბერალიზებული. პირველი ნაბიჯები, რაც ამ კუთხით გადაიდგა არის თავისუფალი მიმწოდებლის გაჩენა ბაზარზე. მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა გაყოფილია. მოხდა ქსელის ოპერატორების სერტიფიკაცია. ხდება ქსელის ოპერატორების საქმიანობის ძალიან აქტიური მონიტორინგი. ამ კუთხით, საკმაოდ კარგი და სწორი ნაბიჯები გადაიდგა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე უნდა მოვახდინოთ მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტთან ჰარმონიზაცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ კუთხით ძალიან აქტიური და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.’’- განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.
,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში ბუნებრივი გაზის სექტორში მიმდინარე რეფორმაც შეაჯამეს. ნუგზარ ბერიძის განცხადებით, ამ სექტორში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში შედარებით დროში გაიწელა და ის ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმას ჩამორჩებოდა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა ყველა ვალდებულება შესრულებულია.
,,ბუნებრივი გაზის მიმართულებით ლიბერალიზაციის პროცესები, განსაკუთრებით საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესები, გარკვეულწილად დროში ჩამორჩებოდა ენერგეტიკის სექტორს. თუმცა ამ კუთხითაც სრულად იქნა შესრულებული ვალდებულებები, რომელიც ჩვენ გვქონდა. საუბარია გაზის ბირჟის ჩამოყალიბებაზე, სერტიფიკაციაზე და ა.შ. მინდა აღვნიშნო ერთი კარგი რეგულაცია, რომელიც კომისიამ შემოიტანა. ეს გახლავთ ბუნებრივი აირის გამოყენება საქვაბე დანადგარებში, რაც რეგულაციებში მოექცა. ეს ხელს შეუწყობს გათბობის ძალიან პროგრესული სისტემების დანერგვას, იმისათვის, რომ ყველა ბინაში არ გვქონდეს გათბობის ქვაბი. ეს საფრთხის შემცველი არის. ექსპლუატაციის თვალსაზრისითაც ძალიან რთულია და არის ენერგოეფექტური. სემეკი ფეხდაფეხ მიყვება ჩვენი ეკონომიკის განვითარების მოთხოვნებს. ეს რეგულაციაც შესაბამისი იყო იმ მოთხოვნის, რაც დააყენეს დეველოპერებმა. რამდენიმე მსხვილი დეველოპერი უკვე მუშაობს ამ რეგულაციის გამოყენებაზე პრაქტიკაში და უახლოეს ხანში საკმაოდ ინტენსიურ განვითარებას ველოდებით ამ მიმართულებით.’’- განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.