ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „მიშას თავისუფლებისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნული მოთხოვნის ამსახველი ბანერი წარწერით - თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიიტანეს. ამ მომენტისთვის სოლოლაკისკენ მიმავალი სატრანსპორტო გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: მიშა, მიშა, თავისუფლება მიშას, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი მუმლაძის განცხადებით, აქციებს სისტემატიური ხასიათი ექნება.
“პირადი ღირსების საკითხია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დავიცვათ, ამიტომ მივალთ ყველგან, ვაიძულებთ, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ. ყველა პატრიოტი ვერთიანდებით,- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავების ბრიგადები.
აქციის მონაწილეებმა ბიზნესცენტრთან მისასვლელი გვირაბის კედელზე სტიკეტების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს, რის გამოც აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.სამართალდამცველები ცდილობენ ბიზნესცენტრისკენ მიმავალი გვირაბის შესასვლელიდან აქციის მონაწილეები გაიყვანონ. აქციაზე სიტუაცია თან და თან იძაბება და ხმაური მატულობს.
დღეს შუადღეზე, „ჯალათი ციხეში“ - ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია მოაწყვეს მათ, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. მათივე განცხადებით. ისინი სააკაშვილის კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. მათივე ცნობით, სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის მიღება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში ექსტრადაცია სურს. ზელენსკის მიერ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის სურვილი გასულ კვირას მისი ადმინისტრაციის წევრმა გააჟღერა. მოგვიანებით კი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა,
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.