„ბეშიქთაშს“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის დასრულება იანვარში სურს. ქართველი ფეხბურთელი მზადაა, თურქულ კლუბში გადავიდეს. „სენტ-ეტიენმა“, შესაძლოა, შეთავაზება მიიღოს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს.
„გასულ ზაფხულს „სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის მოსალოდნელი წასვლა დაბლოკა. ლიგა 2-ში გავარდნის და საფრანგეთიდან და უცხოეთიდან შეთავაზებების მიუხედავად, კლუბს თავდამსხმელის გაშვება არ სურდა. წინადადებები დაბლოკა Kilmer Sports-მა – „სენტ-ეტიენის“ ინვესტორმა და გასული ზაფხულიდან კლუბის ერთადერთმა აქციონერმა.
ამან გააბრაზა ქართველი და სეზონისწინა მატჩებში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „კალიარის“ წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა. თუმცა დავითაშვილმა მალევე აღიდგინა პოზიცია და სეზონის პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა – ლიგა 2-ის 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შესაძლოა, ზამთარში ვითარება შეიცვალოს, რადგან ევროპულმა კლუბმა მოლაპარაკებაში პროგრესს უკვე მიაღწია და ახლა „სენტ-ეტიენი“ სატრანსფერო „ბაზარს“ აკვირდება. 24 წლის ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ იქამდე წავა.
„ბორდოს“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ვილი სანიოლთან საქართველოს ნაკრების სტაბილური წევრია და მუდმივად კარგ შედეგებს აჩვენებს, ევროპაში პოპულარობას ინარჩუნებს. ჩვენი წყაროების ცნობით, „ბეშიქთაშმა“ აშკარა ინტერესი გამოთქვა და ტრანსფერის იანვარში დასრულება სურს. ეს გამოწვევა ფეხბურთელისთვის მიმზიდველია და „სენტ-ეტიენი“ ტრანსფერის წინააღმდეგი აღარ იქნება, თუ დამაკმაყოფილებელ შეთავაზებას მიიღებს.
„სენტ-ეტიენი“ ამჟამად დილემის წინაშე დგას – თავდამსხმელი ლიგა 1-ში დაწინაურების მიზნით შეინარჩუნოს ან მნიშვნელოვანი თანხა მიიღოს. 2024 წელს „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ შეძენილ ფეხბურთელს „ტრანსფერმარკტი“ ამჟამად 9 მილიონ ევროდ აფასებს. ბრძოლა დაძაბული იქნება, რადგან კიდევ ერთი ევროპული კლუბი (რომლის სახელიც არ გახმაურებულა) კულისებში შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.