თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-მ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.

ჟენევაში აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ჩინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებები "პროდუქტიული“ იყო.

"დეტალებს ხვალ გავახმოვანებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო" - თქვა ბესენტმა მოკლე განცხადების დროს

მისი თქმით, ის და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი, ჯეიმსონ გრირი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გუშინ საღამოს ესაუბრნენ და მოლაპარაკებების შესახებ "ის სრულად ინფორმირებულია".

"მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რამდენად სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა - ეს მიანიშნებს, რომ განსხვავებები, შესაძლოა, ისეთი დიდი არც ყოფილა, როგორც თავიდან გვეგონა"  - თქვა გრირმა

გრიმმა აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება აშშ-ს ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტის შემცირებაში დაეხმარება.

10 მაისს, ჟენევაში ჩინეთის ვიცეპრემიერ ჰე ლიფენგსა და აშშ-ს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა გაი პარმელინმა ჩინეთისა და აშშ-ს დელეგაციები ჟენავაში 9 მაისს მიიღო. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება უკვე წარმატებაა.

"თუ ისინი განაგრძობენ დიალოგს, ეს დაძაბულობას შეამსუბუქებს". - განაცხადა პარმელინმა.

დონალდ ტრამპმა 9 მაისს განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფის დაწესება "სწორად ჟღერს".

ცნობისთვის, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.

ჩინეთმა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევიდა.

წყარო: tabula.ge