მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები იწყება. ოლიმპიური ცეცხლი მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე აინთება. თამაშების გახსნის ცერემონიას 23:00 საათიდან პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
2026 წლის ოლიმპიადაზე მედლების 116 კომპლექტი 16 დისციპლინაში (სპორტის რვა სახეობა) გათამაშდება. პროგრამა გაფართოვდა და ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ზამთრის თამაშებს ვიხილავთ. 2022 წელს პეკინში გამართულ ოლიმპიადაზე შვიდი სპორტი და 15 დისციპლინა (მედლების 109 კომპლექტი) იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრები 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რვა სპორტსმენით იასპარეზებს. ექვსი ფიგურულ ციგურაობაში გამოვა, ხოლო ორი სათხილამურო ტრასაზე ცდის ბედს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, გლებ სმოლკინი, დიანა დევისი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური, ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა).
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტია. მეტელკინასა და ბერულავას წყვილი იანვარში ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ნიკა ეგაძემ.

6,7 და 8 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა დაიწყება. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებიდან მაყურებლის წინაშე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი მოკლე პროგრამით წარდგება, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი რიტმულ ცეკვაში გამოვა, ანასტასია გუბანოვა კი მოკლე პროგრამით იასპარეზებს. შეჯიბრება 6 თებერვალს, თბილისის დროით 12:55 საათზე აიღებს სტარტს.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. იტალიიდან პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხისა და პირველი არხი სპორტის ეთერში იხილავთ.