ყავის წარმოების ზრდის ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, გლობალურად ყავის წარმოებამ 10.5 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 4%-ით მეტია. თუმცა ეს მაჩვენებელი 2022 წლის რეკორდულ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

ყავის წარმოებაში მსოფლიო ლიდერები ბრაზილია და ვიეტნამი არიან. მათი ერთობლივი წილი გლობალურ წარმოებაში 55%-ს შეადგენს, რაც თითქმის 5.8 მილიონ ტონას უტოლდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბრაზილია ვიეტნამზე ორჯერ მეტ ყავას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყავის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყნის წილმა გლობალურ წარმოებაში 89% შეადგინა, დანარჩენ მსოფლიოზე მხოლოდ 11% მოდიოდა.

ყავის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა და მათი წილი გლობალურ წარმოებაში:
ქვეყანა წარმოება (ტონა) გლობალური წარმოების %
ბრაზილია 3,984,000 38%
ვიეტნამი 1,806,000 17%
კოლუმბია 774,000 7%
ინდონეზია 654,000 6%
ეთიოპია 501,600 5%
უგანდა 384,000 4%
ინდოეთი 372,000 4%
ჰონდურასი 318,000 3%
პერუ 261,000 2%
მექსიკა 232,200 2%
დანარჩენი მსოფლიო  1,204,500 11%
საერთო ჯამში 10,491,300 100%

როგორც ხედავთ, ტოპ-10-ში წარმოდგენილი ქვეყნების დიდი ნაწილი ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს: ბრაზილია, კოლუმბია და პერუ – სამხრეთ ამერიკაში, მექსიკა – ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ჰონდურასი – ცენტრალურ ამერიკაში. სიაში აზიას სამი წარმომადგენელი ჰყავს – ვიეტნამი, ინდონეზია და ინდოეთი. რაც შეეხება აფრიკას, იქ ტოპ-10-ში შემავალი ორი ქვეყანა მდებარეობს: ეთიოპია და უგანდა.

2024 წლის დასაწყისიდან მსოფლიოში ყავის ფასები გაორმაგდა. ექსპერტები ამას ბრაზილიაში მიმდინარე ხანგრძლივ გვალვებს უკავშირებენ, რაც შეიძლება უარყოფითად 2025 წლის მოსავალზეც აისახოს. გარდა ამისა, გლობალური ყავის მარაგები 2018 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც ბაზარზე კიდევ უფრო ზრდის არასტაბილურობას. როგორც ჩანს, ყავაზე მოთხოვნის ზრდას წარმოების მატება ფეხს ვერ უწყობს. არ არის გამორიცხული, რომ მიწოდების შემცირებამ, არასახარბიელო კლიმატურმა პირობებმა და გაზრდილმა მოთხოვნამ მომავალში ყავის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვიოს.

წყარო: forbes.ge