უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქი კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიევში მიიწვია, რაც 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ერდოღანის პირველი ვიზიტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ანკარაში უკრაინის ელჩი ნარიმან ჯელიალი ავრცელებს. უკრაინის ელჩის განმარტებით, თურქულ მხარეს მოწვევაზე თანხმობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. თანხმობის შემთხვევაში ვიზიტი სტამბოლში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში რუსული და უკრაინული დელეგაციები პირისპირ 2022 წლის შემდეგ პირველად მიმდინარე წლის 15 მაისს შეხვდნენ, სადაც ერთმანეთს საკუთარი მოთხოვნები და პოზიციები გააცნეს.

თურქეთის პრეზიდენტი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში მედიატორად პოზიციონირებს, ბოლოს უკრაინას 2022 წლის აგვისტოში, ლვოვში ეწვია. მანამდე ის პრეზიდენტ ზელენსკის, 3 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კიევში ესტუმრა.

თურქეთში უკრაინის ელჩის განმარტებით, ერდოღანის თანხმობის შემთხვევაში, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება იქნება. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. შეთანხმებას ხელი სწორედ ერდოღანის კიევში ბოლო ვიზიტის დროს, 2022 წლის 2 თებერვალს მოეწერა. თუმცა რამდენიმე კვირაში რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო ხელშეკრულების იმპლემენტაცია ვერ მოხერხდა. თურქეთის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაცია 2024 წლის აგვისტოში მოახდინა, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს კი აღნიშნული ჯერ კიდევ არ განუხორციელებია.

შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში უკრაინული საქონლის უმეტესობა თურქული საიმპორტო გადასახადისგან გათავისუფლდება.

forbes.ge