უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშატანის“ ფორმატის მონაწილეებს მოუწოდა, განახორციელონ ინვესტიცია უკრაინული უპილოტო აპარატების წარმოებაში. უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ამოცანაა რუსეთის წინსვლის და ასევე ხალხის დანაკარგის შეჩერება, ამისთვის კი საჭიროა უპილოტო აპარატები.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში უპილოტო აპარატების წარმოება უფრო ეკონომიურია და მისი სურვილია, მიაღწიოს რეკორდულ მაჩვენებლებს იმ აპარატების რაოდენობით, რომელსაც უკრაინა აწარმოებს და იღებს პარტნიორებისგან.
„ჩვენ უკვე გავაფორმეთ კონტაქტების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ბევრი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მე მოგიწოდებთ ყველას, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ უპილოტო თვითმფრინავების არსენალის გაზრდაში. უკრაინელებს ევროპაში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი ევროპაში ყველაზე დიდი შესაძლებლობა გვაქვს უპილოტო აპარატების წარმოებისთვის. ასე რომ, მეტი ინვესტიცია ჩადეთ ამ უკრაინულ ძალაში, რადგან ომის შემდეგ ის ასევე გახდება თქვენი ძალა“, – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს.