კრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლიდერებმა კატეგორიულად დაგმეს რუსეთის მიზანმიმართული და სისტემატური თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას. ეს თავდასხმები ასევე საფრთხეს უქმნის მოლდოვის მოქალაქეებს მისი სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევით. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ხაზს უსვამს დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ძალისხმევის აუცილებლობას უკრაინის სანდო და ეფექტური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეფექტური სანქციების პოლიტიკა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, საშუალებებს და რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ამიტომ, ძლიერი სანქციები არა მხოლოდ მთავარი შემაკავებელია, არამედ შეუცვლელი იარაღია უკრაინასა და მთელ ევროპაში მშვიდობის აღდგენისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ მოლდოვისთვის გაზის მიზანმიმართული შეწყვეტა, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება და შესაძლებლობა, უზრუნველყონ სწრაფი და კონკრეტული გადაწყვეტილებები დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თავიდან აიცილონ კრიზისის შემდგომი ესკალაცია და აღადგინონ ძირითადი სერვისები. გამოთქვეს მტკიცე მზადყოფნა, გადადგან ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ხაზი გაუსვეს მოლდოვასა და უკრაინას შორის კავშირის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობას, ბარიერების მოხსნას და ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტების შექმნას.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში დღეს ჩავიდა.

წყარო: 1tv.ge