ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდ რეპრესიებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას, - ამის შესახებ საერთო განცხადებას ოთხი ევროპარლამენტარი ავრცელებს.
განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), სერგეი ლაგოდინსკი ("ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი).
„ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდ რეპრესიებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას. ოპონენტების დაკავება და ოფისების დარბევა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია და ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. „ქართული ოცნება“ პირდაპირ არის პასუხისმგებელი დემოკრატიის უწყვეტ უკუსვლასა და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნის ევროპული გზიდან მკვეთრ გადახვევაზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები საქართველოს მომავლის შესახებ არსებული შეშფოთების ლეგიტიმური გამოხატულებაა ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც საარჩევნო დარღვევებსა და ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებლები არიან.
„გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მოთხოვნას, დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც რეპრესიების ტალღასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე უმთავრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება. საქართველოს გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება სჭირდება, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დემოკრატიისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე დამცველად რჩება. ევროპარლამენტი მამაც ქართველ ხალხსა და მათ ევროპული მომავლის არჩევანს მხარს უჭერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ipn.ge