კუბის ხელისუფლება ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმას გმობს.
კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელ ბერმუდესი აშშ-ის ქმედებას კრიმინალურ თავდასხმას უწოდებს და საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
„ჩვენს მშვიდობის ზონას სასტიკად ესხმიან თავს. სახელმწიფო ტერორიზმი მამაცი ვენესუელელი ხალხისა და ჩვენი ამერიკის წინააღმდეგ. სამშობლო ან სიკვდილი! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – წერს სოციალურ ქსელში კუბის პრეზიდენტი.
თეთრ სახლს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
„სიბიესის“ ცნობით, ტრამპმა ვენესუელის დაბომბვის ბრძანება ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის დაწყება უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.
ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა.