ვენესუელაზე კონტროლი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აშშ ვენესუელის გაკონტროლებას ერთი წლით გეგმავს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შესაძლოა, ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

„ვიტყოდი, რომ უფრო დიდხანს“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, დელსი როდრიგესთან მუდმივ კონტაქტშია.

„მარკო მას მუდმივად ესაუბრება. მასთან და მის ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ვენესუელის დროებითი მთავრობა აშშ-ს „ყველაფერს აძლევს, რაც საჭიროა“.

„ჩვენ ნავთობს გამოვიყენებთ. ნავთობზე ფასებს შევამცირებთ და ვენესუელას ფულს მივცემთ, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ipn.ge