„ვენესუელაში უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო. ამ თანხებს ნავთობკომპანიები გაიღებენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით მიიღებენ ანაზღაურებას," - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით,  დელსი როდრიგესი აშშ-ის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობდა, თუმცა უარყო მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია მადუროს გადაყენებამდე.

„არა, ეს ასე არ არის“, - განაცხადა ტრამპმა  და აღნიშნა, რომ როდრიგესისთვის დაწესებული სანქციები შესაძლოა მალე მოიხსნას ან ძალაში დარჩეს.

კითხვაზე, არსებობდა თუ არა „რაიმე შეთანხმება“ მადუროს გადასაყენებლად, ტრამპმა უპასუხა: „კი, რადგან ბევრ ადამიანს სურდა გარიგება, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამ გზით გაგვეკეთებინა”.

დონალდ ტრამპის განცხადებით, სპეცოპერაციის სამზადისში მადუროს შიდა წრე არ ყოფილა ჩართული.

გარდა მისა, ამერიკის პრეზიდენტმა  დაასახელა აშშ-ის ოფიციალური პირების ჯგუფი, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სტივენ მილერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომლებიც ვენესუელაში აშშ-ის ჩართულობის ზედამხედველობის ფუნქციას შეითავსებენ: 
„ეს არის საერთო ჯგუფი. მათ აქვთ ყველანაირი ცოდნა, განსხვავებული გამოცდილება“, — განაცხადა ტრამპმა  და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები თავადაა.