აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობის კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვენესუელა აშშ-ს 30 მილიონ ბარელ ნავთობს გადასცემს, რომელიც უკვე გზაშია.
„გუშინ ვენესუელამ დაახლოებით 30 მილიონი ბარელი ნავთობი მოგვცა. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და უკვე მოემართება შეერთებულ შტატებისკენ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ვენესუელას ამისთვის. ჩვენ აშკარად კარგად ვმუშაობთ მათთან, თორემ ასეთი გულისხმიერები არ იქნებოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ვენესუელა ერთად მსოფლიო ნავთობის რესურსების 55%-ს ფლობენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს ვენესუელაში სრული უსაფრთხოება ექნებათ.
„ადრე კომპანიებს არ შეეძლოთ ვენესუელაში შესვლა, რადგან არ ჰქონდათ გარანტიები, მაგრამ ახლა გაქვთ სრული უსაფრთხოება. ეს სრულიად განსხვავებული ვენესუელაა“,- აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკული კომპანიები ვენესუელის დაზიანებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას აღადგენენ. გეგმის თანახმად, მსხვილი ნავთობკომპანიები, მინიმუმ, 100 მილიარდ დოლარს დახარჯავენ ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია უპრეცედენტო იყო.
„ასეთი რამ არავის უნახავს. მე დამირეკა რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა. თქვეს, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.