აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაევალა, უკრაინაში ყველა პროექტი შეაჩეროს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური დახმარების პროგრამების, აუდიტის მიზნით 90 დღით შეჩერების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ უკრაინული მედია Суспільне კიევში USAID-ის ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.
USAID უკრაინაში სკოლების აღდგენას, სამედიცინო სერვისების მიწოდებას და კრიტიკული ენერგეტიკული სისტემების შეკეთებას აფინანსებს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოსცა ბრძანება, რომელიც 90 დღით აჩერებს უცხოური დახმარების პროგრამების უმეტესობის დაფინანსებას, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განმარტავს ამერიკული მხრიდან კიევისთვის დახმარების შესახებ განკარგულების შედეგებს.
მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის სამხედრო დახმარება არ გაუჩერებია.
პრეზიდენტობის პირველ დღეს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს.