აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი მიუწვდომელია. როგორც „როიტერი“ წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.

ვებგვერდზე შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება: „სერვერის IP მისამართი ვერ მოიძებნა“.

„როიტერის“ ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, ვებგვერდის გათიშვა უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს უცხოური დახმარების პროგრამების გადახედვას და მათი დაფინანსების დროებით შეჩერებას. უცნობია, კონკრეტულად რომელ პროგრამებს შეეხება ეს შეზღუდვა და როდის აღდგება ვებგვერდის მუშაობა. USAID-ის წარმომადგენლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა, ანონიმური წყაროების ცნობით, თანამშრომლებს ოფიციალური მითითება ჰქონდათ, რომ შეჩერებული პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაევრცელებინათ.

ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი კრიტიკის საგანი გახდა. კონგრესის რამდენიმე წევრმა, განსაკუთრებით დემოკრატებმა, შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს, რომ დაფინანსების გაყინვა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებსა და ჰუმანიტარულ მისიებს. რესპუბლიკელთა ნაწილი კი მიესალმება ამ ნაბიჯს და მიიჩნევს, რომ საჭიროა საგარეო დახმარების პრიორიტეტების გადახედვა. „სიენენის“ ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დასრულდება ეს პროცესი და რა გავლენას მოახდენს იგი USAID-ის გრძელვადიან საქმიანობაზე.

USAID-ი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ შექმნა ცივი ომის დროს, რათა საბჭოთა გავლენას დაპირისპირებოდა. 1961 წელს კონგრესმა მიიღო საგარეო დახმარების აქტი, რომელსაც კენედიმ ხელი მოაწერა და ამავე დროს გასცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც USAID-ი დამოუკიდებელ სააგენტოდ ჩამოყალიბდა.

წყარო: 1 არხი