უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრელ მოსახლეობაში გამოკითხვას ჩაატარებს, სურთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უნგრეთმა უარი თქვა უკრაინის შეიარაღების შესახებ ერთობლივი განცხადების მხარდაჭერაზე.

„ჩვენ გვაქვს ე.წ. ეროვნული კონსულტაციის სქემა, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ხალხის მოსაზრების გასაგებად, ამავე სქემას მივმართავთ ახლაც“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „პირველად, უნგრელებს აქვთ შესაძლებლობა ევროპაში, გადაწყვიტონ, უჭერენ თუ არ მხარს უკრაინის ევროკავშირის წევრობას“.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ 2010 წლის შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა საკითხზე ათეულობით გამოკითხვა ჩაატარა, საიმიგრაციო საკითხებიდან დაწყებული ლგბტქ+ უფლებების საკითხებით დამთავრებული.

თუმცა, როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ხშირ შემთხვევაში პლებისციტზე გატანილი საკითხი ფორმულირებულია იმგვარად, რომ მთავრობის პოზიციას ემხრობა და სამოქალაქო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მას პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს.

მაგალითისთვის, 2023 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, სადაც ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით იყო საკითხი გატანილი, კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგი სახით: უჭერენ თუ არა მხარს უნგრელები ბრიუსელის მიერ „მიგრანტების გეტოს“ შექმნას ქვეყანაში.

ამ გამოკითხვაში მოსახლეობის 20%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამოკითხულთა 99%-მა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგები მთავრობას არ ავალდებულებს პოზიციის გაზიარებას და სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის იდეას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ევროკავშირში სამომავლო წევრობაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

როგორც სიკორსკი აღნიშნავს, „საინტერესო იქნებოდა ორბანის უნგრეთის წევრობაზე შედეგების გაგება“

„უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის სამომავლო წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. და ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ევროკავშირში ორბანის უნგრეთის წევრობაზე რეფერენდუმის შედეგების გაგება”, - წერს სიკორსკი