27 ივნისს ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართა, რომელზეც EU-ს ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუსმინეს, იმსჯელეს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე და მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყნის დაფინანსების შესახებაც.

ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებია წარმოდგენილი, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

"ევროპული საბჭო მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ძალისხმევას, უზრუნველყოს უკრაინა და უკრაინელი ხალხი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური დახმარებით, რამდენ ხანსაც და რა ინტენსივობითაც საჭიროა.

ევროპული საბჭო გმობს რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების ესკალაციას, განსაკუთრებით კი, თავდასხმებს მოქალაქეებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში", - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის ლიდერები საბჭოს უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ და ამისათვის სრულ მზადყოფნასაც გამოთქვამენ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააფართოოს უკრაინის სამხედრო დახმარების მისია.

რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, საბჭოს გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივები უკრაინას მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში გადაეცემა. გარდა ამისა, საბჭო ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებს, შეიმუშაონ გეგმა, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის გამოყოფილი დაფინანსება წლის ბოლომდე გაიზრდება და ჯამში 50 მილიარდ ევროს მიაღწევს.

"ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროპულ კომისიას, საბჭოს უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძონ მუშაობა, ყველა რელევანტური ლეგალური და ფინანსური ასპექტის გათვალისწინებით, რათა წლის ბოლომდე უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება გამოიყოს სესხის სახით, რომელიც მომავალში შემოსავლების არაჩვეულებრივი ნაკადებით ანაზღაურდება. მიზანია, რომ უკრაინის დაფინანსებამ, დიდი შვიდეულს ქვეყნებთან პარტნიორობით, 50 მილიარდ ევროს მიაღწიოს, რაც დაფარავს უკრაინის ამჟამინდელ და სამომავლო საჭიროებებს.

ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, რუსული აქტივები დარჩება გაყინული, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში სამხედრო აგრესიას და აანაზღაურებს ზარალს, რომელიც ამ ომმა გამოიწვია", - ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, 27 ივნისს ევროკავშირმა უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.89 მილიარდი ევრო დაუმტკიცა, რომელიც უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები მოუწოდებენ რუსეთსა და ბელარუსს, უკრაინიდან უკანონოდ გატაცებული მოქალაქეები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვები, უსაფრთხოდ დააბრუნონ საკუთარ ქვეყანაში.

"ევროკავშირი კვლავ ღელავს უკრაინელი ბავშვებისა და სხვა მოქალაქეების ბედის გამო, რომლებიც უკანონოდ დაადეპორტეს და გადაიყვანეს რუსეთსა და ბელარუსში. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთსა და ბელარუსს, სასწრაფოდ უზრუნველყონ მათი უსაფრთხო დაბრუნება უკრაინაში. საბჭო მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც უკრაინელ ბავშვებს საკუთარ ოჯახებში უსაფრთხო დაბრუნებაში დაეხმარებათ, მათ შორის “უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციას”, ევროკავშირი ამ გაერთიანების დამკვირვებლის სტატუსს ატარებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინასთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებასა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტს. საბჭო მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ წაახალისონ რუსეთის ომის აგრესია და არ დაეხმარონ მოსკოვს საომარ მოქმედებებში.

27 ივნისს უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებასაც.

bm.ge