უკრაინის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსება ევროპას გაანადგურებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ევროკავშირს არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს, უკრაინის სამხედრო ძალისხმევა დააფინანსოს.

„პირველი, ევროპელებს უნდათ ფულის გაცემა უკრაინის არმიის შესანარჩუნებლად; მეორე, უკრაინა, როგორც სახელმწიფო არ ფუნქციონირებს, ამიტომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, უნდა დაფინანსდეს; მესამე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეტი უნდა დავხარჯოთ საკუთარ თავზე, რადგან ჩვენი ჯარები სუსტია, ჩვენი იარაღი – არასაკმარისი, ევროპას გაძლიერება სჭირდება. ასევე არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რასაც ასევე დაფინანსება სჭირდება. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ევროპას ასეთი თანხა უბრალოდ არ აქვს. ეს თანხა არ აქვს ევროპას და, შესაძლოა, არც ამერიკას“, – განაცხადა ორბანმა.

ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი თანხის გამოყოფის გეგმებს, რაზეც ბრიუსელში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ. ამასთან, ევროპული საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, რომ ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს, თუმცა აღნიშნულ დასკვნას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა.