ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, უკრაინის საკითხზე საუდის არაბეთში ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, ომის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა.
საუდის არაბეთის სამიტზე აშკარა გახდა რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის უთანხმოება მზარდია. ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) 7 აგვისტოს ანგარიშში.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ The Financial Times-ის თანახმად, ჩინეთის წარმომადგენლები იყვნენ „კონსტრუქციულები“ და „ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ [ჩინეთი] არ არის რუსეთი“. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, სამიტზე ჩინეთის ყოფნა რუსეთის ფედერაციის იზოლაციის დემონსტრირებაა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ უარყო პეკინის „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინაში ომის საკითხის მოგვარების შესახებ, რომელიც შემდგომში საუდის არაბეთში იყო წარმოდგენილი. ინსაიდერების თქმით, ჩინეთის ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი უკმაყოფილოა კრემლის ძალისხმევბით უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი მოწესრიგების კუთხით.
„ჩინეთი უკრაინის საკითხში რუსეთის სრული მხარდამჭერი არაა და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები არ წარმოადგენს „პარტნიორობას საზღვრებს გარეშე“, როგორც ეს კრემლს სურს“, - აცხადებენ ამერიკელი ანალიტიკოსები.
სამიტზე ასევე წარმოდგენილი იყო უკრაინის „სამშვიდობო გეგმა“, მათ შორის მოწოდებები გლობალური სასურსათო უსაფრთხოების, ბირთვული უსაფრთხოების, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ჰუმანიტარული დახმარებისა და პატიმრების გათავისუფლების შესახებ, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევის წინადადებას „უაზრო ულტიმატუმი“ უწოდა.
ასევე, ჩინეთის დელეგაციამ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზაობა გამოთქვა, რომელზეც, დიდი ალბათობით, რუსეთი მიწვეული ისევ არ იქნება.
შეგახსენებთ, 5-6 აგვისტოს, საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომელზეც 42 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის მშვიდობიანად დასრულების გზები განიხილეს.